გიორგი მარგველაშვილი - საქართველოსთვის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობას კულტურულთან ერთად, პოლიტიკური კონტექსტი აქვს
გიორგი მარგველაშვილი - საქართველოსთვის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობას კულტურულთან ერთად, პოლიტიკური კონტექსტი აქვს

საქართველოსთვის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობას კულტურულთან ერთად პოლიტიკური კონტექსტი აქვს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის მონაწილეებთან შეხვედრაზე განაცხადა.

„ამ უაღრესად მნიშვნელოვან კულტურულ ღონისძიებაში მე ვხედავ პოლიტიკურ კონტექსტს. ეს არის ჩვენი ქვეყნის კულტურის გატანა და ჩვენი იდენტობის უნიკალურობის ჩვენება. გარდა იმისა, რომ ეს არის სიამაყის ნიშანი, ეს პოლიტიკურ კონტექსტში არის ქვეყნის დაცულობისა და განვითარების საფუძვლების შექმნის წინაპირობა“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მისი თქმით, საქართველო აჩვენებს თავის უნიკალურ და მრავალსაუკუნოვან კულტურას. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა საშუალებას იძლევა, მსოფლიომ დაინახოს, რომ ქართველი ერი არის წიგნიერი, რომელსაც აქვთ უნიკალური დამწერლობა, ამოუწურავი ლიტერატურა და არქიტექტურა.

„ქართველი არ არის არც დამპყრობელი, არც აგრესორი, არც კრიმინალი, არამედ ქართველი არის კულტურის მატარებელი და თავისი იდენტობისთვის გმირულად მებრძოლი ერი. ეს იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენი გადარჩენა მნიშვნელოვანწილად აი ამაზე არის დამოკიდებული. მე ამ შემთხვევაში პოლიტიკურ კონტექსტზე ვამახვილებ ყურადღებას. ჩვენი სავიზიტო ბარათი არის ჩვენი კულტურა“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.