გიორგი მარგველაშვილი - საქართველოს ისტორიაში პრეზიდენტის უფლებამოსილების დემოკრატიული გადაცემის პრეცედენტი შეიქმნა
გიორგი მარგველაშვილი - საქართველოს ისტორიაში პრეზიდენტის უფლებამოსილების დემოკრატიული გადაცემის პრეცედენტი შეიქმნა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ახლად არჩეულ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

„დღეს ჩვენ საქართველოს ისტორიაში პრეზიდენტის უფლებამოსილების დემოკრატიული გადაცემის პრეცედენტი შევქმენით. წარმატებას ვუსურვებ საქართველოს არჩეულ პირველ ქალ პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს მის მომავალ ძალისხმევაში ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისთვის“, – წერს გიორგი მარგველაშვილი.

გიორგი მარგველაშვილისა და სალომე ზურაბიშვილის პირისპირ შეხვედრა ავლაბარში, პრეზიდენტის სასახლეში დღეს შედგა.

ოფიციალური ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილმა და სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრისას უფლებამოსილების გადაბარების პროცესზე, ქვეყნის საშინაო და საგარეო მდგომარეობაზე ისაუბრეს.

შეხვედრის პირველ ნაწილს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი და სალომე ზურაბიშვილის მომავალი გუნდის წევრი ლაშა ჟვანია ესწრებოდნენ, რის შემდეგაც გიორგი აბაშიშვილმა და ლაშა ჟვანიამ პირისპირ შეხვედრა გამართეს.

გიორგი მარგველაშვილმა სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტად არჩევა მიულოცა და ქვეყნისა და სამშობლოს სასიკეთოდ მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

თავის მხრივ, სალომე ზურაბიშვილმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს, რომ ხელისუფლების გადაბარების პროცესი მიმდინარეობს დემოკრატიული ფორმებში, ისე, როგორც ჩვენს ქვეყანას შეეფერება.