გიორგი მარგველაშვილი - საქართველოს ევროატლანტიკური მიმართულების არჩევა ძვირად დაუჯდა, მაგრამ ამ მიმართულებით სვლას აგრძელებს
გიორგი მარგველაშვილი - საქართველოს ევროატლანტიკური მიმართულების არჩევა ძვირად დაუჯდა, მაგრამ ამ მიმართულებით სვლას აგრძელებს

გიორგი მარგველაშვილმა ნიზამი განჯავის საერთაშორისო ცენტრის მიერ ორგანიზებულ XIV საერთაშორისო ფორუმის „მშვიდობა და განვითარება ცვალებად სამყაროში“ სამუშაო პანელზე საქართველოს მიერ გლობალური უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხებში შეტანილ წვლილზე ისაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, საქართველო დამოუკიდებლობის პირველივე დღეებიდან, აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში, ევროკავშირისა და ნატო-ს არაწევრ ქვეყნებს შორის უდიდესი კონტრიბუტორია ავღანეთში, მალიში და ცენტრალურ აფრიკაში.

„დამოუკიდებლობის პირველივე დღეებიდან, საქართველოს უსაფრთხოება, სტაბილურობა, ტერიტორიული მთლიანობა, სუვერენიტეტი დარღვეული იყო, ეს არის ჩვენი უახლესი ისტორიის სამწუხარო და ტრაგიკული ნაწილი, მაგრამ, ამავდროულად, ეს არის ქვეყანა, რომელსაც აქტიურად შეჰქონდა წვლილი გლობალური სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში. ქართველი სამხედრო მამაკაცები და ქალები მონაწილეობდნენ პირველივე მისიებში კოსოვოში და მას შემდგომ უწყვეტად განაგრძობენ მონაწილეობას სხვა სამშვიდობო მისიებში. დღეს, მოსახლეობის წილთან შეფარდებით, სამშვიდობო მისიაში უდიდეს კონტრიბუტორს წარმოვადგენთ ავღანეთში, მალისა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში. ჩვენ ვაღიარებთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ერთად დგომა გლობალური გამოწვევების წინააღმდეგ საბრძოლველად“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მისი თქმით, ჯერ კიდევ არის დარჩენილი გარკვეული მოუგვარებელი პრობლემები, ე.წ. გაყინული კონფლიქტების სახით, თუმცა საქართველოს შემთხვევში, დღეს არსებული კონფლიქტები არ არის გაყინული, ისინი კვლავ რეალურ ჭრილობასა და დაბრკოლებას ქმნიან და ართულებენ ქვეყნის მომავალ განვითარებას.

„ასე რომ, იმ პერსპექტივიდან, სადაც ჩვენ ახლა ვართ, რასაც ვხედავთ და ვიმედოვნებთ, მტკიცედ გვწამს, რომ ყველა იმ ქვეყანას, რომლებსაც საკუთარი წვლილი შეაქვთ საერთო ღირებულებათა სისტემაში, უნდა ჰქონდეთ უფრო მჭიდრო კავშირი და შესაძლებლობა, რომ აშენონ უფრო პროგნოზირებადი და სტაბილური მომავალი. ამ თვალსაზრისით, არსებობს იმის გარკვეული ხარისხის ეროზია, რასაც ჩვენ ვეძახით საერთო პრინციპებს, ღირებულებებს და მესამე მხარის მიერ პროცესზე ზეგავლენის მოხდენის შესაძლებლობას. ნება მომეცით, დავიწყო ყველა ჩვენგანის წინაშე არსებული რამდენიმე გამოწვევის დასახელებით“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მისი თქმით, ბუქარესტს სამიტის შემდეგ, 2008 წლის აგვისტოში საქართველოს თავს დაესხა მეზობელი რუსეთის რეგულარული სამხედრო ძალა.

„10 წელი გავიდა ბუქარესტის სამიტიდან, სადაც საქართველომ და უკრაინამ მიიღეს პირობა, რომ ისინი გახდებოდნენ ნატო-ს წევრები. რა მოხდა ამ თვალსაზრისით ამ ორ ქვეყანასთან მიმართებაში? ჩვენ ვხედავთ, რომ ბუქარესტს სამიტის შემდეგ, 2008 წლის აგვისტოში საქართველოს თავს დაესხა მეზობელი რუსეთის რეგულარული სამხედრო ძალა. ხაზს ვუსვამ – რეგულარულ სამხედრო ძალას, რადგან მანამდე, 90-იანი წლების დასაწყისში, საქართველო გახდა იმის მსხვერპლი, რასაც მოგვიანებით უწოდეს ჰიბრიდული ომი, რომ პატარა „მწვანე კაცუნები“ რეალურად ახდენდნენ ცვლილებებს მეზობელ სახელმწიფოში. ეს იყო რაღაც იმის მსგავსი, რისი მოწმენიც მოგვიანებით, 2014 წელს, გავხდით უკრაინაში.

2008 წელს საქართველოს თავს დაესხა რუსული ჯარი და ჩემი ქვეყნის საზღვრების შეცვლის გეგმა დაიდო საერთაშორისო ფორმატშიც კი, იმის გაცხადებით, რომ ისინი წარმოადგენდნენ ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებს საქართველოში. ჩვენ ვხედავთ, რომ იგივე განმეორდა 6 წლის შემდეგ უკრაინაში“, –  განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოს ძალიან ძვირად დაუჯდა დამოუკიდებლობა და ევროატლანტიკური მიმართულების არჩევა, მაგრამ ამ მიმართულებით სვლას აგრძელებს.

„ჩვენ ძალიან ძვირად დაგვიჯდა დამოუკიდებლობა და ევროატლანტიკური მიმართულების არჩევა, მაგრამ ჩვენ ვაგრძელებთ ამ მიმართულებით სვლას და ვხედავთ ჩვენს მოკავშირეებთან ინტეგრაციას, როგორც სამომავლო პერსპექტივას ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიცაა საქართველო, უკრაინა და მოლდოვა. ამ სიახლოვით ჩვენ დავიცავთ მთლიანი ევროპული და ევროატლანტიკური საზოგადოების უკეთეს მომავალს“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.