გიორგი მარგველაშვილი - საქართველო დაძლევს რუსული მავთულხლართებით შექმნილ ვითარებას, ისე, როგორც გერმანელებმა დაანგრიეს ბერლინის კედელი
გიორგი მარგველაშვილი - საქართველო დაძლევს რუსული მავთულხლართებით შექმნილ ვითარებას, ისე, როგორც გერმანელებმა დაანგრიეს ბერლინის კედელი

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დისკუსიისას, რომელიც დღეს ბათუმში, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის როუზ-როსის შეკრების ფარგლებში გაიმართა, იმედი გამოთქვა, რომ ნატო-ს მომავალ სამიტზე მსოფლიო ლიდერები შეძლებენ სამიტის ფარგლებში რუსეთის პრეზიდენტის ახალი, ცივი ომის კონცეფციის საპასუხო დოკუმენტის შემუშავებას, რადგან საქართველო და სხვა პროდასავლური ქვეყნები საფრთხის წინაშე დგანან და მათ მხარდაჭერა სჭირდებათ.

„ჩვენ რუსეთის ხელისუფლების მხრიდან წინასაარჩევნო კამპანიისას ვნახეთ ეტაპობრივი აღიარება ამ გამოწვევებისა. ვიფიქროთ, გვაქვს კი, პუტინის ახალ კონცეფციაზე – ცივი ომის მეთოდზე პასუხი? ნატო-ს წარმომადგენლებმა რუსეთის ამ ახალი კონცეფციის საპირწონედ სამიტზე უნდა შეძლონ ახალი დოკუმენტის ჩამოყალიბება – ერთობილი პოლიტიკური დოკუმენტი უნდა შევქმნათ”,- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის განცხადებით, ჰიბრიდული ომი, რომელიც უკრაინაში 2014 წელს განხორციელდა და საქართველოში 90 – იან წლებში დაიწყო, 25 წლის წინ.

„საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ხალხი საქართველოს მოქალაქეები არიან, მიუხედავად იმისა, ვის აქვს კონტროლი ამ ტერიტორიებზე. საქართველო დაძლევს ამ ყველაფერს, იმიტომ რომ 4 საუკუნეა ამ ვითარებას ვებრძვით. ჩვენ დავძლევთ ამ მავთულხლართებით შექმნილ ვითარებას, როგორც გერმანელებმა დაანგრიეს ბერლინის კედელი“,- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.