გიორგი მარგველაშვილი სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა
გიორგი მარგველაშვილი სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სამუშაო ვიზიტით დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებს, ნიუ იორკს ეწვევა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, აშშ-ში გიორგი მარგველაშვილი მე -14 საერთაშორისო ფორუმში- „მშვიდობისა და განვითარების შენარჩუნება ცვალებად სამყაროში“ მიიღებს მონაწილეობას. ფორუმი გაერო-ს ღონისძიებების ფარგლებში იმართება და მას მსოფლიოს 50-მდე მოქმედი თუ ყოფილი ლიდერი დაესწრება.

საქართველოს პრეზიდენტი საზეიმო გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოვა და სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან ერთად, სამუშაო პანელზე დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას, სადაც საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციასა და უსაფრთხოების საკითხებზე  გაამახვილებს ყურადღებას.  გიორგი მარგველაშვილი რეგიონში არსებულ გამოწვევებზე და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზეც ისაუბრებს.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები და  სამუშაო სადილი კონფერენციაში მონაწილე ქვეყნების ლიდერებთან და სხვადასხვა ქვეყნის პრეზიდენტებთან.

ამასთან, პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, ქვეყნის მთავარსარდალი ამერიკის შეერთებულ შტატებში „ვესტ პოინტის“ სამხედრო აკადემიას ეწვევა და აკადემიის ხელმძღვანელობასთან და  კადეტებთან გამართავს შეხვედრას. გიორგი მარგველაშვილი საჯარო ლექციას წაიკითხავს და აკადემიის ქართველ კადეტებსაც შეხვდება.

ნიუ იორკში საქართველოს პრეზიდენტი ამერიკული ფონდის Appeal of Conscience Foundation მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ საზეიმო მიღებას -2018 Annual Awards Dinner დაესწრება, რომელიც უმაღლესი რანგის სტუმრებისთვის იმართება.

წლევანდელი ღონისძიება საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელის, კრისიტინ ლაგარდისა და საფინანსო ორგანიზაციის „რიჩმონტი“ თავმჯდომარის, ჯოან რუპერტის პატივსაცემად იმართება, რომელსაც მადლენ ოლბრაიტი, ჰენრი კისინჯერი, ჯეიმს ბეიკერი, კოლინ პაუელი და სხვა ცნობილი პოლიტიკური ფიგურები, კონგრესისა და სენატის, ასევე ბიზნესის წრეების წარმომადგენლები დაესწრებიან და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართავენ.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია გიორგი მარგველაშვილის ინტერვიუები საერთაშორისო გამოცემებთან.

საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში 29 სექტემბერს დასრულდება.