გიორგი მარგველაშვილი - სახელმწიფო არ იქმნება სხვა მიზნით, გარდა იმისა, რომ დაიცვას ადამიანის უფლებები
გიორგი მარგველაშვილი - სახელმწიფო არ იქმნება სხვა მიზნით, გარდა იმისა, რომ დაიცვას ადამიანის უფლებები

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, სახელმწიფო სტრუქტურები მოწოდებულია, რომ დაიცვას ადამიანის უფლებები. ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა ადამიანის უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით პრეზიდენტის სასახლეში გამართულ მიღებაზე განაცხადა.

„დღეს ადამიანის უფლებების დაცვის დღეა და ჩემი აზრით, ძალიან სასიკეთო მომენტია, რათა ერთმანეთთან თანამშრომლობა შევაჯამოთ. რეალურად სახელმწიფო არც იქმნება სხვა მიზნით, გარდა იმისა, რომ დაიცვას ადამიანის უფლებები. ამ მიზნით, ამ არსით, ამ მოწოდებით შეიქმნა ადამინების ერთობა, რომელსაც ესა თუ ის სახელმწიფო ჰქვია. თითქოს, რისთვის გვინდა ჯარი. ჯარიც იმისთვის გვინდა, რომ დაიცვას ადამიანის უფლებები, დაიცვას ადამიანის სიცოცხლის უფლება. რისთვის გვინდა პოლიცია? იმისთვის, რომ დაიცვას ადამიანი“, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ნებისმიერი სტრუქტურა იქმნება და მოწოდებულია იმისთვის, რომ დაიცვას ადამიანის უფლებები.

„აქედან გამომდინარე, მე დღეს გიზიარებთ არამხოლოდ იმას, რასაც კლასიკურად ადამიანის უფლებების დაცვის საკითხი ჰქვია, არამედ დღეს აქ შეკრებილ ადამიანებს, ვისთანაც ერთად ამ წლების განმავლობაში ქვეყნის განვითარებისთვის გვიმუშავია, გიზიარებთ იმ მიზანს, რომელიც უზენაესია პოლიტიკისთვის და უზენაესია სახელმწიფოსთვის. როდესაც ვსაუბრობთ ამ მიზანზე, ბუნებრივია, სამწუხაროდ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ამ მიზნის მიღწევის გზაზე უაღრესად ბევრია გასაკეთებელი კონკრეტულად საქართველოში. ეს გასაკეთებელი, სამწუხაროდ, ყოველ ნაბიჯზეა. სულ რამდენიმე ასეული მეტრის იქით, რუსთაველის გამზირზე ადამიანები, რომლებმაც დაკარგეს შვილები, ეძებენ სამართალს და ეძებენ ამ სამართალს პროტესტის უკიდურესი ფორმით. ათეულობით კილომეტრის იქით ჩვენი თანამემამულენი გაყოფილი არიან ქვეყნის გულიდან საოკუპაციო ხაზით და იქ ადამიანის უფლებებს არღვევს ოკუპანტი სახელმწიფო“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.