გიორგი მარგველაშვილი - რუსულ პროპაგანდასთან გასამკლავებლად საჭიროა საერთაშორისო პარტნიორებისა და ქართული საზოგადოების კონსოლიდაცია
გიორგი მარგველაშვილი - რუსულ პროპაგანდასთან გასამკლავებლად საჭიროა საერთაშორისო პარტნიორებისა და ქართული საზოგადოების კონსოლიდაცია

ინფორმაციის სანდოობას, დეზინფორმაციასთან ბრძოლის მეთოდებსა და აღნიშნულ საკითხში კვლევების მნიშვნელობას დღეს NDI-ს და CRRC-ის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია მიეძღვნა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გახსნა.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომლის მიმართულებითაც რუსეთმა საბჭოთა კავშირის დანგრევის პირველივე დღეებიდან გააძლიერა და აწარმოა როგორც ჰიბრიდული ომი, ასევე პროპაგანდა და საინფორმაციო შეტევა.

პრეზიდენტის შეფასებით, აღნიშნული პროპაგანდის მიმართ 25-26 წლის განმავლობაში ქართულმა საზოგადოებამ გამოავლინა მდგრადობის, მედეგობის ძალიან მნიშვნელოვანი მაგალითები. მათ შორის, ისწავლა თავისივე შეცდომებზე.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რუსული ჰიბრიდული საფრთხე და რუსული პროპაგანდა არ შესუსტებულა, არამედ პირიქით, კიდევ უფრო დახვეწილ ფორმებს იღებს.

„ჩვენი დასავლელი კოლეგები დღეს საუბრობენ, რომ ეს საფრთხე გახდა მათ ტერიტორიაზე მოქმედიც, ეს ნათელს ხდის იმ ფაქტს, რომ პროპაგანდა იყენებს და იპყრობს ახალ სივრცეებს, ახალ სიბრტყეებს საინფორმაციო ველში, – იქნება ეს ტრადიციული საინფორმაციო საშუალებები და კომუნიკაციის საშუალებები, თუ იქნება ეს ამ მეოთხედი საუკუნის განმავლობაში გაჩენილი ახალი სივრცეები ინფორმაციის და დეზინფორმაციის გავრცელების“, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მიუხედავად ასეთი ჰიბრიდული ომისა, რომელიც წარმოებდა საქართველოში, ქართული საზოგადოება მაინც კონსოლიდირებული იყო იმ ძირითადი ვექტორის ირგვლივ, რომელსაც დასავლური ვექტორი და ევროატლანტიკური არჩევანი ეწოდება.

„ქართული საზოგადოება რჩება ამ მიმართულებით კონსოლიდირებული, მაგრამ ისიც უნდა გავიაზროთ, რომ ბრძოლის ფორმები იხვეწება. პროპაგანდა მუშაობს და ყოველთვის მუშაობდა კლასიკური პრინციპით: – ეს იყო რაიმე რეალურად მომხდარი ფაქტის აღმოჩენა, მისი გაზვიადება და მუდმივი ტირაჟირება აი ამ ნაწილობრივ მართალი ინფორმაციის და სწორედ ამის საფუძველზე აგება, კიდევ უფრო მეტი თეორიების და ამ პროცესის მეშვეობით საზოგადოების გახლეჩა და დანაწილება. ეს არის ის კლასიკური მეთოდი, რომელშიც პროპაგანდა მუშაობდა ყოველთვის, როგორც საბჭოთა კავშირის დროს, მანამდეც და ეს ხორციელდება დღესაც”, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

მისი შეფასებით, აღნიშნულ პროცესს უნდა დაუპირისპირდეს უპირველსად ის, რომ არ უნდა შეილახოს საზოგადოებების თავისუფლება და არ უნდა დაიწყოს აზრის გამოხატვის შეზღუდვა.

„ტოტალიტარული საზოგადოებისგან განსხვავებით ჩვენ თავისუფალ სივრცეში ვმოქმედებთ. აქედან გამომდინარე ველი, რომელზეც ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ უნდა იყოს თავისუფალი. ამ თავისუფალ ველზე უნდა მოვიგოთ და არა შევზღუდოთ საინფორმაციო წყაროები. მეორე – უნდა ვაწარმოოთ ბრძოლა მთავარი იარაღით, სიმართლით. სიმართლე მტკიცდება ფაქტებით, დამატებითი ფაქტებით, კვლევით და სწორი სურათის ბოლომდე ჩვენებით. კიდევ ერთხელ, პროპაგანდა არასდროს არ იწყება ნულიდან. პროპაგანდა იწყება რაღაც კონკრეტული ფაქტით და იმის გაზვიადებით, სიმართლე იწყება ამ ფაქტის აღიარებით და შემდეგ უფრო დიდი სურათის ჩვენებით და ილუსტრაციით”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ამისთვის,  მარგველაშვილის განცხადებით, უნდა იყოს სითამამე, რომ პროპაგანდას დაერქვას პროპაგანდა. მიეთითოს, რომ ეს არის პროპაგანდა, ასევე მიზეზი რისთვის წარმოებს პროპაგანდა და ნაჩვენები უნდა იყოს უფრო დიდი სურათი.

„ამ თვალსაზრისით, უაღრესად მნიშვნელოვანია არა მარტო კონკრეტულ საზოგადოებებში და კონკრეტულ საინფორმაციო სივრცეებში, არამედ საერთაშორისო კონტექსტში მეტი კონსოლიდაცია. ჩვენი პარტნიორები აქტიურად მუშაობენ ამ მიმართულებით და ჩვენ მიგვაჩნია, რომ ჩვენ ძალიან მნიშვნელოვნად უნდა ვიყოთ ჩართული ამ პროცესში. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ თვითონ ვართ პროპაგანდის ობიექტი და აგრეთვე რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლის ჩვენი ძალიან წარმატებული ოცდახუთწლიანი გამოცდილებიდან”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, საქართველოში რუსული პროპაგანდის შინაარსი მარტივია და ორიენტირებულია იმაზე, რომ თითქოს საქართველოს დასავლური არჩევანი შეუძლებელია და, რომ საქართველოსთვის დასავლური არჩევანი უტოლდება იდენტობის დაკარგვას.

„ჩვენ გვაქვს საკმარისი საპასუხო ამ თემებზე. ჩვენ ნათლად შეგვიძლია ვაჩვენოთ და გავუზიაროთ ჩვენს მოქალაქეებს რა კატასტროფულ შედეგებამდე მიდის აღიარება ან ამ თეორიის ცოტა მაინც გაზიარება. პირველი – პროპაგანდას უნდა დავარქვათ პროპაგანდა; მეორე- უნდა ვაჩვენოთ რა მიმართულებით და რა საბოლოო პოლიტიკურ შედეგს ისახავს საქართველოს მოქალაქეების მოტყუება იმ თვალსაზრისით, რომ თურმე ქართული კულტურა და იდენტობა შეუთავსებელია ევროპულთან და თურმე ჩვენი წარსული, ან მომავალი დაპირისპირებულია იმ სამყაროსთან, რომლისკენაც ჩვენ და ჩვენი წინაპრები მივისწრაფოდით და მესამე – ამ დიდ სურათში ჩვენება იმ მიზნის, რომელსაც საბოლოო ჯამში მიჰყვება ეს ორი ასე ვთქვათ საინფორმაციო ვექტორი, რომ ეს არის საქართველოს მოწყვეტა დასავლური სამყაროსგან და საბოლოო ჯამში, ჩვენი ქვეყნის ეტაპობრივი დაბრუნება რუსული იმპერიის სიბრტყეში“, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

ინფორმაციას კონფერენციაზე პრეზიდენტის გამოსვლის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.