გიორგი მარგველაშვილი - რუსთაველზე ხალხს კი არ კრებენ, ხალხი იკრიბება თავისუფალი ნების საფუძველზე
პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მივიდა. მისი თქმით, რუსთაველზე ხალხს კი არ კრებენ, ხალხი იკრიბება თავისუფალი ნების საფუძველზე. აქციაზე სიტყვით გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ აქციის მონაწილეებთან სასაუბროდ მივიდა, თუმცა ურჩევნია, იმ ხალხს მიმართოს, ვინც რუსთაველზე არ დგას.
„მინდა, მივმართო პირველ რიგში ჩემს და ჩემზე უფროსს თაობას – მოდით და ნახეთ, როგორ იქმნება ახალი საქართველო; მოდით აქ და ნახეთ, რომ ის სისხლი, რაც 30 წლის წინ ჩვენმა მამებმა აქ დაღვარეს, რითიც მოვიპოვეთ დამოუკდებლობა, ტყუილად არ დაღვრილა; მოდით და ნახეთ, როგორ ქმნის ჩვენი შვილების თაობა თავისუფალ ქვეყანას. მოდით და ნახეთ ეს.
მე მინდა, მივმართო აგრეთვე მმართველ პოლიტიკურ გუნდს. ერთ-ერთმა თქვენმა ლიდერმა, როგორც მითხრეს, დათვლა დაიწყო და 200 კაცზე მეტს ვეღარ კრებენო. აქ ხალხს არ კრებენ, აქ ხალხი იკრიბება, იკრიბება თავისუფალი ნების საფუძველზე. ნუ ზომავთ ასე, რომ ვიღაც ვიღაცას კრებს, არა, თავისუფალი ხალხი თავად იკრიბება. ნუ ზომავთ რაოდენობით, ეს არ არის რაღაც მევახშის საზომით საზომი ამბავი, თავისუფალი ხალხის თავისუფალი შეკრებაა. სულ რომ მეათედი იყოს, აქ ბევრად მეტის გამკეთებელია, ვიდრე 100-200-300 ათასი მოყვანილი, შეკრებილი. მოდით და თქვენც ჩაერთეთ ამაში. მოდით და ნაწილი იყავით ახალი საქართველოს მშენებლობის, რადგან აქ დაყენებული მოთხოვნები არის სამართლიანი.
მინდა, მივმართო საერთაშორისო თანამეგობრობას და საერთაშორისო პარტნიორებს, რომლებიც თბილისში არიან. ნუ გგონიათ, რომ საქართველოს იპოვნით დახურულ კაბინეტებში და დახურულ შეხვედრებზე, მოდით აქ და დაესწარით ახალი საქართველოს შექმნას“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.