გიორგი მარგველაშვილი - რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენებისას არ იყო ის გადაწყვეტილებები მიღებული, რომელიც სიტუაციას განმუხტავდა
გიორგი მარგველაშვილი - რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენებისას არ იყო ის გადაწყვეტილებები მიღებული, რომელიც სიტუაციას განმუხტავდა

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენებისას არ იყო ის გადაწყვეტილებები მიღებული, რომელიც სიტუაციას განმუხტავდა.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში შეხვედრაზე განაცხადა, ნარკორეალიზატორების დაკავებიდან, რაც ჩვეულებრივი ყოველდღიური რუტინაა, გადაწყვეტილებების წყებით ქვეყანა მივიდა დაძაბულობამდე.

„რეიდების დაწყებიდან იმ მომენტამდე, სანამ რუსთაველზე აღმოვჩნდით სამოქალაქო დაპირისპირების საშიშროების წინაშე, დავინახეთ პოლიტიკური და ადმინისტრაციული გადაწყვეტილებების წყება, რომლებმაც რამდენიმე საათში ქვეყანა მიიყვანა სირთულემდე. რამდენიმე ნარკორეალიზატორის დაკავებიდან სულ რამდენიმე საათში მივედით იმ რეალობამდე, როდესაც ქალაქის ცენტრში გარკვეულმა ჯგუფებმა განაცხადეს, რომ მათ აქვთ უფლება სიტუაციის კონტროლის და რომ ისინი გააკონტროლებენ ქუჩას, კონსტიტუციას და ვინ რას იტყვის და ილაპარაკებს. ამ დინამიკას თუ შევხედავთ, დავინახავთ რამდენად ბევრი შეცდომა იქნა დაშვებული. არ იყო მიღებული ის გადაწყვეტილებები, რომელიც სიტუაციას განმუხტავდა. ჩვენ ემოციურად ვუყურებთ ხოლმე ამ პროცესებს – ამან ეს თქვა, იმას ეს ეცვა, ის ამას ჟესტიკულირებდა. ნარკორეალიზატორის დაკავება არის ყოველდღიური რუტინა, არ არის პრობლემური თემა, თუმცა ამ თემიდან მივედით იმ მომენტამდე, როდესაც რუსთაველზე საჭირო გახდა რაღაც პროცესების წარმართვა. კითხვები უნდა გააჩინოს, თუ რანაირად შეიძლება საზოგადოება სრულიად მოსწორებულ ვითარებაში მივიდეს ამ პიკამდე. რა თემაა და რა პრობლემაა 8, 10-ის ან 20 ნარკორეალიზატორის დაკავება, რომ ამან საზოგადოება მიიყვანოს ასეთ დრამატიზმამდე. მთელი საზოგადოება იყო შეძრწუნებული იმით, რომ არ დავხოცოთ ერთმანეთი. შეიძლება უცებ მივიდეთ ასეთ კრიზისამდე“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, კონკრეტული მინისტრისა და სამინისტროს საქმიანობას ვერ შეაფასებს, რადგან ამისთვის კომპეტენტური ორგანო პარლამენტია.