გიორგი მარგველაშვილი - როდესაც არ ვცვლით ინდივიდებს, რომელთა ხელითაც ხდებოდა ძალადობა, რანაირად უნდა გვქონდეს იმედი, რომ გამოძიებულ იქნება გამსახურდიას, ჟვანიას, რაფალიანცის, მუხთარლის საქმეები
პოზიტიური ცვლილებები ხდება, როგორც პენიტენციალური სისტემის თვალსაზრისით, ასევე სისხლისსამართლებრივი დევნის თვალსაზრისით, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში გამოსვლის დროს განაცხადა.
როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, ცვლილებები უნდა გატარებულიყო ბევრად უფრო ღრმად და სამართალდამცავი სისტემა უნდა დაცლილიყო იმ პიროვნებებისაგან, რომლებიც ასოცირებულები არიან ძალადობებთან, რომლებიც მანამდე ხდებოდა.
„როდესაც მახსენდება 2015 წელს წამების კადრების საჯარო ჩვენება, მე შემიძლია ვთქვა, რომ ევროპული პოლიტიკური კულტურიდან და კლასიდან ნამდვილად გვაშორებს ასეთი ნაბიჯები. თუმცა, ამავე დროს, ამ წლების განმავლობაში ნამდვილად შეიცვალა სახელმწიფოს სახე და ის აღარ არის აგრესიული. მოქალაქეს აღარ ეშინია სახელმწიფოსი, განსხვავებით, წინა წლებისგან. ეს ნიშნული თავიდანვე, 2012 წელს დაიდო ხელისუფლების ცვლილების დროს და ეს ნიშნული შენარჩუნებულია”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, მიესალმება პარლამენტის ინიციატივას ე.წ გირგვლიანის შესწორებებთან დაკავშირებით.
„როდესაც ჩვენ არ ვცვლით იმ ინდივიდებს პროკურატურაში და სხვა სისხლისსამართლებრივი დევნის ორგანოებში, რომელთა ხელითაც ხდებოდა ძალადობა, რანაირად უნდა გვქონდეს იმედი, რომ გამოძიებულ იქნება და საზოგადოებისთვის სამართლიანად იქნება მიწოდებული პრეზიდენტ გამსახურდიას საქმე, ზურაბ ჟვანიას საქმე, რაფალიანცის საქმე, მუხთარლის საქმე. ჩვენ ეს მიზანი, მისია და ეს მანდატი გვქონდა, როდესაც ვცვლიდით ხელისუფლებას, რომ ეს ძალადობა შეცვლილიყო. მიუხედავად იმისა, რომ ძალადობა არ ხორციელდება დღეს, მაინც ეს ინდივიდები და ამ სტრუქტურების დეპოლიტიზაცია არ მომხდარა”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.