გიორგი მარგველაშვილი - რასაც „ქართული ოცნების“ შექმნამდე, ამ პარტიაში აქტიურად ყოფნის დროს და მის შემდეგაც ვლაპარაკობდი, ყველაფერი ერთი და იგივეა
გიორგი მარგველაშვილი - რასაც „ქართული ოცნების“ შექმნამდე, ამ პარტიაში აქტიურად ყოფნის დროს და მის შემდეგაც ვლაპარაკობდი, ყველაფერი ერთი და იგივეა

კოალიციაში ერთ დღეს, უცებ გაიღვიძეს და გადაწყვიტეს, რომ გიორგი უნდა გააჩერონ, ამის შემდეგ კი ყველა ერთად დამიპირისპირდა, მე იქ დავრჩი, სადაც ვიყავი, ჭრელი კოალიცია კი დაიშალა და ზოგი სად არის, ზოგი სად, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პირველი არხის გადაცემა „კვირის ინტერვიუში“ სტუმრობისას.

„სად არიან დღეს კოალიციის წევრი აქტიური პარტიები, ვინც გუშინწინ მეუბნებოდა, ასე მოქცევა არ შეიძლება, დაუჯერე, რასაც გეუბნებიან, ჩვენსავით დამჯერი იყავი, იმას, რასაც არჩევნების დროს ვლაპარაკობდით, ნუ გვახსენებო? ისინი მეუბნებოდნენ, რომ ჩემი პოზიცია მათ ნათქვამზე ტაშისა და კვერის დაკვრა იყო და არა საკუთარი პოზიციის ქონა. ამას საიდან ამბობდნენ, ცალკე თემაა. არჩევნებამდე რომ ვინმეს ასეთი პოზიცია ჰქონოდა და ეთქვა, გიორგი, შენ გაჩუმდი და რასაც გეტყვიან, ის გაიმეორეო. მე იმ გაერთიანებაში არ ვიქნებოდი. ამას მინისტრობის დროსაც არავინ მეუბნებოდა, რადგან მე პრემიერ-მინისტრთან ვმუშაობდი, როცა ბიძინა ივანიშვილი იყო და მასთან აბსოლუტური თანამშრომლობა მქონდა“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ამ განცხადებით გიორგი მარგველაშვილმა გადაცემის წამყვანის ირაკლი აბსანძის შეკითხვას უპასუხა, რამ გამოიწვია გაპრეზიდენტებიდან ხუთი თვის შემდეგ მმართველ გუნდთან მისი დაპირისპირება და რატომ ვერავინ დაიტოვა მოკავშირედ ჭრელი კოალიციიდან.

მისი თქმით, დღეს ეს ადამიანები ოპოზიციაში არიან და იმავეს ამბობენ, რასაც თავად ამბობდა.

„თურმე, დღეს აღმოაჩინეს, რომ ინსტიტუტების დანგრევა და ერთპარტიული მმართველობა ცუდია. დღეს აღმოაჩინეს, რომ ყველას ერთ უნისონში ლაპარაკი მთლად მისაღები არ არის. დღეს ამას იმიტომ ლაპარაკობენ, რომ სკამი აღარ აიძულებთ, სხვებთან ერთად ერთ კაკაფონიაში ილაპარაკონ“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, ამ ადამიანების კარდინალური ხაზი ისაა, რომ რასაც გეუბნებიან, ის უნდა აკეთო, თუ არადა, მათი მტერი ხდები.

„ეს ასე მხოლოდ პოლიტიკაში არ არის. იგივეა ჟურნალისტიკაში, პიარში და ძალიან ბევრი მიმართულებით. ვიღაც თავის თავისუფლებას თმობს, იმიტომ კი არა, რომ თავზე ვიღაც ბერია ადგას და თავზე იარაღს ადებს, არამედ იმიტომ, რომ უმრავლესობიდან გამოყოფის ეშინია“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ მისი მოკავშირე ღირებულებებია და ის, რასაც კოალიციის შექმნამდე, მისი შექმნის შემდეგ და დაშლის შემდეგაც ლაპარაკობდა.

„ის, რასაც „ქართული ოცნების“ შექმნამდე, ამ პარტიაში აქტიურად ყოფნის დროს და მის შემდეგაც ვლაპარაკობდი, ყველაფერი ერთი და იგივეა. მე ვლაპარაკობდი, რომ ადამიანების დევნა და მოსმენა, ინსტიტუტების დანგრევა არ შეიძლება და დღესაც ამ პოზიციაზე ვარ“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.