გიორგი მარგველაშვილი - ქართველი ჯარისკაცის სუვერენული უფლებაა, შესაბამისი ბრძანების შემთხვევაში, ქართულ ტერიტორიაზე მტერი გაანადგუროს
გიორგი მარგველაშვილი - ქართველი ჯარისკაცის სუვერენული უფლებაა, შესაბამისი ბრძანების შემთხვევაში, ქართულ ტერიტორიაზე მტერი გაანადგუროს

საქართველოსა და ქართველი ჯარისკაცის სუვერენული უფლებაა, შესაბამისი ბრძანების მიღების შემთხვევაში, ქართულ ტერიტორიაზე მტერი გაანადგუროს, ამის კითხვის ნიშნის ქვეშ დასმა საქართველოს სახელმწიფოებრიობის კითხვის ნიშნის ქვეშ დასმას გულისხმობს, – ასე უპასუხა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს ბრიფინგზე დასმულ კითხვას „როგორ აფასებთ, როდესაც მმართველი გუნდის მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი დღის წესრიგში აბრუნებს დისკუსიას, ვინ დაიწყო ომი“.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საპრეზიდენტო კანდიდატების გამონათქვამებზე კომენტარს არ აკეთებს.

„თუმცა, საქართველოს და ქართველი ჯარისკაცის სუვერენული უფლებაა, შესაბამისი ბრძანების მიღების შემთხვევაში ქართულ ტერიტორიაზე მტერი გაანადგუროს. ამის კითხვის ნიშნის ქვეშ დასმა საქართველოს სახელმწიფოებრიობის კითხვის ნიშნის ქვეშ დასმას გულისხმობს. საქართველოს სახელმწიფოებრიობა და სუვერენიტეტი შემდეგს გულისხმობს: საქართველოს შეიარაღებულ ძალებს სრული ლეგიტიმური უფლება აქვთ, სხვა ქვეყნის შეიარაღებული ძალები შესაბამისი ბრძანების შემთხვევაში საქართველოს ტერიტორიაზე გაანადგურონ. ეს ის არის, რითაც ქართველმა ჯარისკაცმა უნდა იცხოვროს. ეს ის არის, რითაც ჩვენ როგორც სახელმწიფო, ბევრად უფრო რთულ პოლიტიკურ ვითარებებში შევდექით“, – განაცხადა მარგველაშვილმა.