გიორგი მარგველაშვილი - ოკუპანტს უნდა დაერქვას ოკუპანტი, აგრესორს ეწოდოს აგრესორი
გიორგი მარგველაშვილი - ოკუპანტს უნდა დაერქვას ოკუპანტი, აგრესორს ეწოდოს აგრესორი

საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ნიუ იორკში ქართული სახელმწიფოს ყველა წარმომადგენელი მუშაობდა, რათა ოკუპაციის პრობლემა საერთაშორისო პარტნიორებამდე მიეტანა. ამის შესახებ მარგველაშვილმა გაერო-ში პრემიერის გამოსვლის შეფასებისას ქართველ ჟურნალისტებს ნიუ იორკში განუცხადა.

საქართველოს პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ისტორიულ უსამართლობას თავის სახელი უნდა დაერქვას, კერძოდ, ოკუპანტს უნდა ეწოდოს ოკუპანტი, აგრესორს – აგრესორი.

„ის ეტაპი, რომელზეც ჩვენ დღეს ვართ, არის პარტნიორების განმტკიცება, რომ თავისი სახელი დაერქვას ისტორიულ უსამართლობას, რომელთანაც გვაქვს საქმე. ოკუპანტს უნდა დაერქვას ოკუპანტი, აგრესორს უნდა დაერქვას აგრესორი. იმ ხაზს, რომელზეც რუსეთის შეიარაღებული ძალები საქართველოს ტერიტორიაზე დგანან, უნდა ეწოდოს ოკუპაციის ხაზი და ჩვენ ყველანი ვმუშაობდით ამ მიზნების მისაღწევად“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გაერო-ს გენერალურ ასამბლეას 27 სექტემბერს ქართულ ენაზე მიმართა.

მამუკა ბახტაძემ რუსეთის ფედერაციას მოუწოდა, შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები და გაიყვანოს ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან.