გიორგი მარგველაშვილი - აშშ-ში ვიზიტის დროს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აგური დაიდო საქართველოს სახელმწიფოებრიობის განმტკიცების საქმეში
გიორგი მარგველაშვილი - აშშ-ში ვიზიტის დროს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აგური დაიდო საქართველოს სახელმწიფოებრიობის განმტკიცების საქმეში

საქართველო იმყოფება ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე, როდესაც ჩვენს სიმართლესა და პოზიციას კიდევ უფრო აქტიურად ვამტკიცებთ ევროპისა და აშშ-ის მასშტაბით, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აშშ-ში ვიზიტის შეფასებისას ნიუ იორკში ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, აშშ-ში შეხვედრები ჰქონდა კოლეგებთან, რომლებსაც საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე ესაუბრა.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, მუდმივად უნდა გაესვას ხაზი პრობლემებს, რომლებიც საქართველოს აქვს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით. ასევე, აუცილებელია მუშაობა ქვეყნის საერთაშორისო როლის გამოსაკვეთად და ნატო-სა და ევროკავშირის მიმართულებით დღის წესრიგის განსამტკიცებლად.

„ამას სჭირდება ყოველწუთიერი მტკიცება და ჩვენი კოლეგების გაერთიანება ამ ღირებულებების ირგვლივ. ეს შესაძლებლობა ეფექტურად იქნა გამოყენებული ნიუ იორკში, სადაც მსოფლიო ლიდერების ასეთი დიდი კონცენტრაციაა. ვფიქრობ, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აგური დაიდო საქართველოს სახელმწიფოებრიობის განმტკიცებისა და პრობლემების გადაწყვეტის საქმეში“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა შშ-ში ვიზიტის დასასრულს, ბოლო შეხვედრა გამართა „ვესტპოინტის“ სამხედრო აკადემიაში, სადაც ქართველ კადეტებს შეხვდა.

„დავბრუნდით „ვესტპოინტიდან“, რომელიც არის ამერიკის ერთ-ერთი მთავარი სამხედრო სასწავლებელი, სადაც გვქონდა შესაძლებლობა, მათ შორის ჩემთვის ძალიან სასიხარულო შესაძლებლობა, შევხვედროდი ქართველ კადეტებს. ჯამში 50-მდე ქართველი სამხედრო მოსამსახურე გადის მომზადებას აშშ-ში. ძალიან მნიშვნელოვანია ეს ურთიერთობები, რაც ქართველ და ამერიკელ სამხედროებს შორის მომავალი ურთიერთობების ფუნდამენტია“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.