გიორგი მარგველაშვილი - ნინო გვენეტაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა არა, მაგრამ სასამართლოს ჯანმრთელობის მდგომარეობა პრეზიდენტის კომპეტენციაა
გიორგი მარგველაშვილი - ნინო გვენეტაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა არა, მაგრამ სასამართლოს ჯანმრთელობის მდგომარეობა პრეზიდენტის კომპეტენციაა

ნინო გვენეტაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის პრეზიდენტის კომპეტენცია, მაგრამ სასამართლოს ჯანმრთელობის მდგომარეობა პრეზიდენტის კომპეტენციაა და სასამართლოს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე შემიძლია მოგახსენოთ, რომ სერიოზული სირთულეებია სასამართლოსთან მიმართებით, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ნინო გვენეტაძის გადადგომასთან და ახალი კანდიდატის შერჩევასთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„მარტო ჩემი მოსაზრება არ არის, არამედ ამ საკითხს ადასტურებს ჩვენი არაერთი მეგობარი და პარტნიორი, თუნდაც თვითონ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები“, – დასძინა მარგველაშვილმა.

ჟურნალისტების კითხვაზე, ხომ არ აქვს პრეზიდენტს კონკრეტული კითხვები ნინო გვენეტაძის გადადგომასთან დაკავშირებით და ასევე რამდენად შეიძლება, მისი გადადგომა კონკრეტულ საქმეებს უკავშირდებოდეს, საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისი აზრით, ნინო გვენეტაძე საკმარისად მაღალი პასუხისმგებლობის და თანამდებობის პირია, რომ თავად გასცეს პასუხი ამ კითხვებს

„მე არ დავიწყებ მისი კონკრეტულად დღევანდელი გადაწყვეტილების ინტერპრეტაციას. არ დავიწყებ ამ ნაწილში ეჭვის შეტანას ან ასე ვთქვათ, ​რაღაც განსხვავებული აზრის გამოთქმას“, – აღნიშნა მარგველაშვილმა.

კითხვაზე, ხომ არ მოიაზრება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ანა დოლიძე, გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ თავმჯდომარის კანდიდატურა არ იქნება მის მიერ შერჩეული.

„კანდიდატურას შეარჩევს ქართული საზოგადოება, უფრო სპეციფიურად – ქართული იურიდიული საზოგადოება. ღვთის მადლით, ქვეყანაში არის ბევრი კვალიფიციური იურისტი და მე მოვუწოდე განსაკუთრებით აკადემიური სფეროს წარმომადგენლებს, განსაკუთრებით იმიტომ ვთქვი, რომ სამწუხაროდ მნიშვნელოვან საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებში ისინი არ არიან ჩართულები ყოველთვის აქტიურად, რომ შეარჩიონ კანდიდატურა.​ ​მე ვარ ამ შემთხვევაში საზოგადოების მაკონსოლიდირებელი და პროცესის ორგანიზატორი. მე პრეზიდენტის პრეროგატივას, ერთპიროვნულად დაასახელოს სასამართლოს თავმჯდომარე, ამ შემთხვევაში ვიწვევ საზოგადოებას, რომ შეარჩიოს და ასე ვთქვათ, ამ პროცესში იყოს ინიციატორი“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კითხვაზე, ხომ არ ჰქონდა თანამდებობის დატოვების შემდეგ ნინო გვენეტაძესთან კომუნიკაცია გადადგომის მიზეზთან დაკავშირებით და ხომ არ უკავშირდება ეს ე.წ. ციანიდის საქმეზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას, საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ის სასამართლოს გადაწყვეტილებების კომენტირებას არ აპირებს, თუმცა ე.წ. ციანიდის საქმეში, მისი თქმით, შეჯიბრებითობის პრინციპი თავიდანვე დარღვეული იყო.

„კიდევ ერთხელ, გადაწყვეტილებების კომენტირებას, მით უმეტეს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებების კომენტირებას და ქალბატონი ნინოს მონაწილეობას რამე კომისიაში, მე კომენტირებას არ გავაკეთებ. თუმცა ის, რაც ახსენეთ, ე.წ ციანიდის საქმე, თქვენ იცით, რომ საზოგადოებაში, რბილად რომ ვთქვათ, არაერთგვაროვანი რეაქცია აქვს ამ საკითხს. მინდა გაგახსენოთ, რომ არაერთხელ პირადად მე, ასევე ჩემს კოლეგებს დაუფიქსირებიათ თავიანთი შეხედულება ამ საქმესთან დაკავშირებით. ჩვენ თავიდანვე განვაცხადეთ, რომ პირველი დღიდან, როგორც კი მიმდინარეობდა ამ საქმის მოკვლევა, დარღვეულ იქნა შეჯიბრებითობის პრინციპი. რამდენიმე საათში ფაქტობრივად განაჩენი გამოაცხადეს უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირებმა. ჩვენ მაშინვე გვქონდა ამის თაობაზე რეაქცია. შემდეგ, საქმის დახურვის კვალდაკვალ, ასევე არ წყდებოდა განცხადებები და შეჯიბრებითობა, რომელიც არის სამართალწარმოების ფუნდამენტური პრინციპი, ამ შემთხვევაში ნამდვილად იყო დარღვეული. მე ვერ მოგახსენებთ ქალბატონი ნინოს კავშირზე ან შეხედულებებზე ამ საკითხზე. მე ვფიქრობ, ამასთან დაკავშირებით არასწორი იქნება, რომ ქალბატონი ნინოს გადაწყვეტილების ან მისი მოტივების კომენტირება გავაკეთო“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.