გიორგი მარგველაშვილი - ნატო-ს კვირეული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჩვენი საზოგადოებრივი აზრის კონსოლიდაციისთვის
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ნატო-ს დღეები გახსნა, რომელიც წელს მეთერთმეტედ, ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის, საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისისა და საქართველოში ბულგარეთის საელჩოს მხარდაჭერით იმართება.
გიორგი მარგველაშვილმა მიღებაზე მისულ სტუმრებს სიტყვით მიმართა და საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციისა და ამ გადაწყვეტილების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
პრეზიდენტის განცხადებით, ნატო-ს წევრობა ქართველი ხალხის ნათელი არჩევანია. მისივე თქმით, ამ გზაზე საქართველოს ყველა შესაბამისი სტრუქტურა, მათ შორის შეიარაღებული ძალები, თავდაცვის სამინისტრო, საგარეო საქმეთა სამინისტრო სრული მობილიზაციითა და მიზნის მნიშვნელობის სრული გააზრებით მუშაობს.
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ნატო-სთან მიმართებით საქართველოს პასუხისმგებლიანი პოზიცია არაერთხელ დაფიქსირდა ჩვენი საგარეო პოლიტიკური ვექტორებით და გადაწყვეტილებებით.
გიორგი მარგველაშვილის თქმით, საქართველოს მტკიცე მონაწილეობა ნატო-ს მშვიდობისმყოფელ მისიებში მნიშვნელოვნადაა დაფასებული ჩვენი პარტნიორების მიერ. ნათლადაა დაფიქსირებული საქართველოს მზაობა, ჩაერთოს ნატო-ს ფორმატებში, სადაც საქართველოს როლი უაღრესად მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელია.
„არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ საქართველოს წევრობის პარალელურად, საქართველოს ჩართვა შავი ზღვის უსაფრთხოების დისკუსიებში ადეკვატურია და საქართველო მზად არის, ამ თვალსაზრისითაც შეასრულოს ის პასუხისმგებლობა, რომელიც უფრო სტაბილურ და დაცულ რეგიონს და სამყაროს მოგვცემს.
წელს მართლაც მნიშვნელოვანი წელია. ჩვენ ველით და ვემზადებით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სამიტისთვის და გვაქვს იმედი, რომ საქართველოს საკითხი იქნება შესაბამისად წარმოდგენილი. ჩვენ ვმუშაობთ ამ მიზნისათვის“, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, მიმდინარეობს საინფორმაციო და პროპაგანდისტული ომი ნატო-ს და ზოგადად, დასავლური ღირებულებების წინააღმდეგ, რომელიც ჩვენგან კიდევ უფრო აქტიურ ჩართულობას და პასუხის გაცემას მოითხოვს.
„ეს არის ის პოლიტიკური რეალობა, რომელშიც არა მარტო საქართველოა, არამედ ნატო-ს წევრი ქვეყნებიც. ჩვენ ყველა ვერთიანდებით იმ მიზნის ირგვლივ, რომ საზოგადოება, ჩვენი მოსახლეობა მაქსიმალურად ინფორმირებულები გავხადოთ იმ სიმართლის, ჭეშმარიტების თაობაზე, რომელსაც ჩვენ ამ ღირებულებებით გაერთიანებული ქართველებიც და ნატო-ს ჩვენი პარტნიორებიც ვემსახურებით“, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა კვირეულის ორგანიზატორებს და იმედი გამოთქვა, რომ ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ჩვენი საზოგადოების აზრის კონსოლიდაციისა და ამ მიმართულებით ჩვენი მზაობის კიდევ უფრო განმტკიცების საქმეში.
ნატო-ს დღეებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, მინისტრთა კაბინეტის წევრები, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.