გიორგი მარგველაშვილი ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა
გიორგი მარგველაშვილი ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა თბილისში სამუშაო ვიზიტით მყოფი, ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გოტემოლერი მიიღო.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრისას ხაზი გაესვა, რომ ნატო-ს უმაღლესი წარმომადგენლების ვიზიტების გააქტიურება და გენერალური მდივნის მოადგილის ვიზიტი, ბრიუსელის სამიტის შემდეგ ადასტურებს, რომ საქართველოს ალიანსის დღის წესრიგში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია.

საუბარი შეეხო რუსულ აგრესიასა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებს, ასევე შავი ზღვის უსაფრთხოებასა და საქართველოს როლს ამ მიმართულებით.

როგორც შეხვედრის შემდეგ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა დავით რაქვიაშვილმა განაცხადა, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ნატო-ს სამიტს ბრიუსელში და ჩანაწერებს, რომელიც სახელმწიფოს მეთაურების კომუნიკეში მოხვდა, სადაც ერთი მხრივ აღიარებული და დაფიქსირებულია რუსეთი, როგორც აგრესორი ქვეყანა საქართველოსთან მიმართებაში და მეორე მხრივ, ის, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი.

„ეს ორი ერთმანეთთან ბმაში მყოფი ჩანაწერი ძალიან მნიშვნელოვანია. შეხვედრაზე საუბარი იყო იმაზე, თუ რა ნაბიჯები გადაიდგა ამ სამიტის შემდეგ და ხაზი გაესვა ერთობლივი წვრთნების მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ  შავი ზღვის უსაფრთხოების მიმართ გაზრდილია ინტერესი და ამ მიმართულებითაც გაზრდილია თანამშრომლობა ნატო-სა და საქართველოს შორის“, – განაცხადა დავით რაქვიაშვილმა.

შეხვედრისას ისაუბრეს საქართველოს ეროვნული უშიშროების სისტემაზე, მიმდინარე ცვლილებებსა და ამ ცვლილებების გავლენაზე საქართველოს თავდაცვისუნარიანობის მიმართ.

ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილის განცხადებით, ნატო აუცილებლად დააკვირდება  პროცესს, რომელიც საქართველოში  ეროვნული უსაფრთხოების სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს.

ინფორმაცია შეხვედრის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურმა გაავრცელა.