გიორგი მარგველაშვილი - მზად ვარ, ოპოზიციურ მრგვალ მაგიდასთან ვისაუბრო უკეთეს არჩევნებზე, უკეთეს დემოკრატიაზე
გიორგი მარგველაშვილი - მზად ვარ, ოპოზიციურ მრგვალ მაგიდასთან ვისაუბრო უკეთეს არჩევნებზე, უკეთეს დემოკრატიაზე

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ დღეს ეპიცენტრი არის „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში მიმდინარე შეხვედრები, სადაც ითხოვენ იმას, რაც სჭირდება ქართველ ხალხს.

როგორც მარგველაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, პოლიტიკაში დაბრუნების გადაწყვეტილება განაპირობა იმ ფაქტმა, რომ „მმართველი პარტიის ლოგიკა 20 ივნისიდან რადიკალურად შეიცვალა“.

„რადიკალურად შეიცვალა მმართველი პარტიის ლოგიკა, თუ როგორ მართავს ქვეყანას. ეს არის დაჭერები, ავტორიტარული პროცესის გაღრმავება, ადამიანების მოტყუება და საბოლოოდ ჩვენი პარტნიორებისთვის კარებისკენ მითითება, რომ თურმე მათ არაფერი აქვთ სათქმელი საქართველოში. ასეთი საქართველო, როდესაც ჩვენს მოსახლეობას ეუბნებიან, რომ თქვენ აქ სამსახურს ვერ იპოვით, წადით უცხოეთში და ვინც დარჩებით, ყველაზე საქმეს აღვძრავთ, ჩემთვის წარმოუდგენელია, წარმოუდგენელია ასეთ საქართველოში ცხოვრება და ან ამის მშვიდად მიღება“,- აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, პოლიტიკაში რომელიმე პარტიასთან ერთად ჩაერთვება, თუ – დამოუკიდებლად.

„ჯერ კონსულტაციები მაქვს იმ ადამიანებთან, ვისაც ხუთი წელიწადი ვენდობოდი. მიზანი დღეს არის ოპოზიციური მრგვალი მაგიდის გაძლიერება, რომელიც ითხოვს უკეთეს საარჩევნო სისტემასა და პოლიტპატიმრების გამოშვებას. დღეს ეს არის მთავარი ეპიცენტრი, სადაც ითხოვენ იმას, რაც სჭირდება ქართველ ხალხს – სამართლიანი არჩევნები და იმას, რომ პოლიტპატიმრები არ უნდა იყვნენ“,-აღიშნა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა.

რაც შეეხება მის განცხადებას მიხეილ სააკაშვილთან დიალოგისთვის მზადყოფნაზე, როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, ამ განცხადებაში ოპოზიციური მრგვალი მაგიდის ფორმატს გულისხმობდა.

„მე ვთქვი, რომ მზად ვარ, ოპოზიციურ მრგვალ მაგიდასთან ვისაუბრო უკეთეს არჩევნებზე, უკეთეს დემოკრატიაზე. იმ მრგვალ მაგიდასთან „ნაციონალური მოძრაობაც“ ზის და მისი შემადგენელი სააკაშვილია. აქედან გამომდინარე ვამბობ ამას. იმ მრგვალ მაგიდასთან არის „ნაციონალური მოძრაობაც“ და „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით ვინ დამელაპარაკება, ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი არ არის“,- აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ მზად არის, ესაუბროს მიხეილ სააკაშვილს იმ შემთხვევაში, თუ მას აქვს ხედვა საქართველოში დემოკრატიის გაძლიერებასთან დაკავშირებით. ასევე მარგველაშვილის თქმით, ის აქტიურ პოლიტიკაში ბრუნდება.