გიორგი მარგველაშვილი - მოთმინებით ველით იმ დღეს, როდესაც ალიანსი გადაწყვეტს, გახდეს უფრო ძლიერი საქართველოს გაწევრიანებით
გიორგი მარგველაშვილი - მოთმინებით ველით იმ დღეს, როდესაც ალიანსი გადაწყვეტს, გახდეს უფრო ძლიერი საქართველოს გაწევრიანებით

მოთმინებით ველით იმ დღეს, როდესაც ალიანსი გადაწყვეტს, გახდეს უფრო ძლიერი საქართველოს გაწევრიანებით, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, ეს დღე მალე იქნება და როგორც საქართველო, ასევე ალიანსი ამის შემდეგ იქნება უფრო ძლიერი, მდგრადი და მტკიცე თავის რიგებში.

“აუცილებელია, შენარჩუნდეს ის მაღალი სტანდარტი მედიის თავისუფლების, რომელიც არის საზოგადოებაში და აუცილებელია, შევქმნათ მართლაც თავისუფალი და დამოუკიდებელი სასამართლო, რომელსაც ექნება შეხედულების ერთიანი სტანდარტი ნებისმიერი საკითხის მიმართ. ქართულ საზოგადოებას კიდევ ბევრი გამოწვევა აქვს. საჭიროა და აუცილებელია საზოგადოებაში შედგეს სიღრმისეული დიალოგი და თანხმობა, რომ რეალურად შევქმნათ ევროპული დემოკრატია. კულტურულად ევროპულ ერს გვჭირდება, რომ ეს გადავიტანოთ პოლიტიკურ სისტემებში. ნამდვილად გვჭირდება პლურალისტული ევროპული პოლიტიკური პროცესის შექმნა, სადაც ყველას ექნება შესაძლებლობა ისაუბროს და ყველას ხმა იქნება გაგონილი. როდესაც ჩვენ ვიცხოვრებთ ერთიან დისკურსში, როდესაც გვექნება ერთმანეთთან ბევრი სამსჯელო. ამ თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანია ის პროცესი, რომელიც ამ ეტაპზე მიმდინარეობს ჩვენს საზოგადოებაში“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

როგორც პრეზიდენტმა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ქართული საზოგადოება პოლიტიკოსებს ნათლად უკვეთავს ევროატლანტიკურ არჩევანს, მეტ დემოკრატიას, მედიის თავისუფლებას და ხარისხიან სასამართლოს.

„ვმუშაობთ კონსტიტუციის ახალ ვერსიასთან დაკავშირებით და დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროცესი კიდევ უფრო კონსოლიდირებულს გამოიყვანს ქართულ საზოგადოებას, სწორედ იმის ხარჯზე, რომ იქნება ღრმად ყოვლისმომცველი დიალოგი ერთმანეთთან. აუცილებელია, შენარჩუნდეს ის მაღალი სტანდარტი მედიის თავისუფლების, რომელიც არის საზოგადოებაში. აუცილებელია, შევქმნათ მართლაც თავისუფალი და დამოუკიდებელი სასამართლო, რომელსაც ექნება შეხედულების ერთიანი სტანდარტი ნებისმიერი საკითხის მიმართ. ეს გამოწვევები ბუნებრივია, არ გადაილახება ერთ დღეში, მაგრამ უმნიშვნელოვანესი, რაც ამ თვალსაზრისით არსებობს, არის ქართული საზოგადოების ძალიან ნათელი შეკვეთა, რომელიც პოლიტიკოსებმა სწორად უნდა აღვიქვათ და გადავიტანოთ ყოველდღიურ ცხოვრებაში.

ქართული საზოგადოება პოლიტიკოსებს ნათლად უკვეთავს ევროატლანტიკურ არჩევანს, მეტ დემოკრატიას, მედიის თავისუფლებას, უფრო ხარისხიან სასამართლოს და ყოველივე ეს უმნიშვნელოვანესია, რომ გატარდეს“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.