გიორგი მარგველაშვილი მოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამს ულოცავს
გიორგი მარგველაშვილი მოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამს ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მუსლიმ მოსახლეობას ნოვრუზ ბაირამს ულოცავს.

გიორგი მარგველაშვილის მილოცვა მარნეულში, საზეიმო ღონისძიებების დაწყებისას, ადგილობრივ მოსახლეობას ქვემო ქართლის გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ გააცნო:

„გილოცავთ ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს,
გაზაფხულის, ახლის დაბადების, იმედისა და სიყვარულის ზეიმს.

ჩვენ – საქართველოს მოქალაქეები ერთად ვქმნით იმ დოვლათს, რომელიც ასაზრდოებს ჩვენს ქვეყანას: შრომა და შრომისმოყვარეობა – ეს სწორედ ის სიმდიდრეა, რომელიც აზერბაიჯანელ ხალხს ამშვენებს და სამაგალითოა სხვა ერებისათვის. შეგიძლიათ თამამად იამაყოთ ჩვენი საერთო სახელმწიფოს მშენებლობაში თქვენი შრომითა და გარჯით შეტანილი უდიდესი წვლილით.

დღეს მე არ ვარ თქვენთან ერთად, მაგრამ თქვენს გვერდით ვდგავარ, თუმცა დღევანდელ ზეიმს თან ახლავს მწუხარება ჩვენი თანამემამულის, არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვის გამო, რომლის ნეშტიც გუშინ გადმოასვენეს.

ვიცი, რომ ასე მხარდამხარ დგომითა და შრომით შევქმნათ ძლიერ და თავისუფალი სახელმწიფოს!

კიდევ ერთხელ გილოცავთ და გისურვებთ წარმატეტებს ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ!“, – ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის მილოცვის ტექსტში.

ნოვრუზ ბაირამი – „გაზაფხულის ბუნიობა“ სამი დღის განმავლობაში, 20-21-22 მარტის ჩათვლით აღინიშნება.

ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.