გიორგი მარგველაშვილი - მისასალმებელია, რომ შახტი გამოძიების დასრულებამდე მუშაობას არ განაახლებს და დასაქმებულებს ამ პერიოდში ხელფასი აუნაზღაურდებათ
გიორგი მარგველაშვილი - მისასალმებელია, რომ შახტი გამოძიების დასრულებამდე მუშაობას არ განაახლებს და დასაქმებულებს ამ პერიოდში ხელფასი აუნაზღაურდებათ

აუცილებელია, კანონმდებლობის გამკაცრება და შრომითი უსაფრთხოების მაღალი სტანდარტის დანერგვა,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

მარგველაშვილი ტყიბულის შახტში მომხდარ შემთხვევას გამოეხმაურა. პრეზიდენტმა დაღუპულების ოჯახებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ტყიბულში მეშახტეების დაღუპვის გამო და ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს ამ უმძიმეს წუთებში.

უკვე რამდენიმე წელია აღვნიშნავთ, რომ შრომის უსაფრთხოების მიმართულებით არსებული მდგომარეობა მიუღებელია. აუცილებელია, კანონმდებლობის გამკაცრება და შრომითი უსაფრთხოების მაღალი სტანდარტის დანერგვა.

ის, რომ 2018 წელს შახტებში 11 ადამიანია გარდაცვლილი და 10 დაშავებული, იმის მაჩვენებელია, რომ სახელმწიფოს მხრიდან მსგავს შემთხვევებზე ადეკვატური რეაგირება არ მომხდარა“,- აცხადებს პრეზიდენტი.

გიორგი მარგველაშვილი მიესალმება გადაწყვეტილებას, რომ გამოძიების დაწყებამდე შახტი მუშაობას არ განაახლებს.

„მისასალმებელია, ის ფაქტი, რომ შახტი არ განაახლებს მუშაობას, ვიდრე არ დასრულდება როგორც სისხლის სამართლებრივი გამოძიება, ისე მაღალკვალიფიციური საერთაშორისო საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა და შახტში დასაქმებულებს ამ პერიოდის განმავლობაში აუნაზღაურდებათ ხელფასი.

დღეს ისევ რჩება მთავარი კითხვაა – შესაძლებელი იქნება თუ არა, მინდელის შახტაში უსაფრთხოდ მუშაობის გაგრძელება? ყველამ უნდა აიღოს თავისი წილი პასუხისმგებლობა და გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები, იმისთვის, რომ სამუშაო ადგილებზე სიცოცხლის უფლება იყოს დაცული“,- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მინდელის შახტში დღეს დილით მომხდარ შემთხვევას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია ექვსი ადამიანი. როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიების პირველადი ინფორმაციით, მინდელის შახტის ერთ-ერთ გვირაბში, სავარაუდოდ მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს. ტყიბულში არსებული ყველა შახტი გამოძიების დასრულებამდე დაილუქება.

ტყიბულის შახტი კომპანია „საქნახშირს“ ეკუთვნის. შახტში ტრაგედია მიმდინარე წლის 5 აპრილსაც მოხდა. მაშინ შემთხვევას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა.