გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ კონსენსუსის გარეშე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის დასახელებას აზრი არ ჰქონდა
გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ კონსენსუსის გარეშე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის დასახელებას აზრი არ ჰქონდა

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებთან რამდენიმე მოტივი დაასახელა, რომლის გამოც მისივე თქმით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატურის წარდგენისგან თავი შეიკავა.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, კონსტიტუცია რამდენიმე დღეში იცვლება და მომავალ პრეზიდენტს არ ექნება შესაძლებლობა, რომ დაასახელოს სასამართლოს თავმჯდომარე.

გიორგი მარგველაშვილმა კიდევ ერთ ფაქტად გამოყო ის, რომ  სამი მოსამართლე ყავს წარდგენილი, თუმცა წელიწადზე მეტია, პარლამენტს კენჭი არ უყრია.

მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ღიად გამოაცხადა, რომ მასთან კონსულტაციებს არ გამართავს.

„ეს ამბის მოკლე შინაარსი მათთვის, ვისაც არ უნახავს წინა 200 სერია. ახლა დღეს, უკვე ცაიტნოტში, ვითარება არის შემდეგი – მე შევთავაზე ქართულ იურიდიულ საზოგადოებას, გამოავლინონ საუკეთესო კანდიდატი და ვთქვი, რომ მხარს დავუჭერდი ასეთ გამოვლენილ კანდიდატს.  ადამიანებს, რომლებიც ტელევიზორში ხშირად აკრიტიკებენ სასამართლო სისტემას, ვუთხარი, რომ თუ შეიძლება, თქვენთვის საუკეთესო სასამართლოს კანდიდატი გამოყავით. გასაოცარი ის არის, რომ ამ თავყრილობაში ავთო დემეტრაშვილი და ჯონი ხეცურიანი იყვნენ ის ადამიანები, ვინც თქვეს, რომ პრეზიდენტმა გვთხოვა თათბირი, გვთხოვა პოზიციის დაფიქსირება, რა თქმა უნდა, ვეტყვით, ვინ მიგვაჩნია საუკეთესოდ. დანარჩენმა ყველამ მითხრა, რომ პროცესში მონაწილეობა ამ ფორმით არ სურთ”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, ამ ფონზე რომც დაასახელოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი, იქნება დასახელება დასახელებისთვის, რადგან მმართველ პარტიას ღიად აქვს ნათქვამი, რომ პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატს მხარს არ დაუჭერს.

„მივმართე ქართულ საზოგადოებას, მოდით, ხომ ყველას გვადარდებს სასამართლო, გავერთიანდეთ. სამწუხაროდ, ეს გაერთიანება არ მოხდა. ასეთი გაერთიანების გარეშე კანდიდატის დასახელებას აზრი არ აქვს.  არ მესმის, რატომ იქნა ეს პროცესი ჩაგდებული და მეტიც, არ მესმის, რა არის აქ გაუგებარი. თუ ვერ გავერთიანდებით ყველა უკეთესი მომავლისთვის, უკეთესი გადაწყვეტილებისთვის, მაშინ ჩვენ ვერ მივიღებთ უკეთეს მომავალს. ეს უნდა იცოდეს ყველა ადამიანმა, ვინც ამ პროცესს ადევნებს თვალ-ყურს და ყველა იმ ადამიანმა, ვინც ღიად უარი მითხრა, რომ კანდიდატურის თაობაზე თავის პოზიცია დაეფიქსირებინა. ასეთია ამ ეტაპისთვის ვითარება, კონსენსუსისთვის ნაბიჯიც არ გადაიდგა. ძალიან გული მწყდება, რადგან სასამართლო სისტემა მუდმივად არის ჩემი დარდის საფუძველი და მუდმივად ამ მიმართულებით ვცდილობდი ნაბიჯების გადადგმას, მაგრამ სამწუხაროდ ეს ვერ შედგა. შეთანხმება რომ შემდგარიყო, ჩვენ გვექნებოდა ძალა, რომ ძლიერი კანდიდატი წარგვედგინა პარლამენტში და მისი კანდიდატურის ჩაგდება არ იქნებოდა ადვილი”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.