გიორგი მარგველაშვილი - დღეს ჩემი პირადი ემოციების დრო არ არის
გიორგი მარგველაშვილი - დღეს ჩემი პირადი ემოციების დრო არ არის

მე მივცემ ხმას საქართველოს, რომელიც მტკიცეა თავის გადაწყვეტილებაში, – ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტების კითხვას, ვის დაუჭერს მხარს საპრეზიდენტო არჩევნებზე.

„მე მივცემ ხმას საქართველოს, რომელიც მტკიცეა თავის გადაწყვეტილებაში, ისე როგორც საუკუნის წინ, დაიცვას თავისი მიწა-წყალი, უზრუნველყოს ჩვენი მოქალაქეების დაცულობა,  იყოს კაცობრიობის კულტურისა და სულიერების ერთ-ერთი აკვანი. მაგრამ იმისთვის, რომ ქვეყანა არსებობდეს, ჩვენი მებრძოლები უნდა იყვნენ გამაგრებული იმ სიმტკიცით, რომელსაც მათ ვაძლევთ პოლიტიკოსები, რომ სამშობლოს დაცვა არის ყველაზე დიდი ღირსება, ამისთვის სიცოცხლის შეწირვა, არასდროს არც ერთი წვეთი, ქართული სისხლისა, რომელიც დაიღვრება ჩვენი სამშობლოს დაცვაში, არ იქნება ტყუილად და არ იქნება კითხვის ნიშანი დასმული”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კითხვაზე, ნანობს თუ არა, რომ არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვა, მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ დღეს მისი პირადი ემოციების დრო არ არის.

„ჩემი პირადი ემოციები, სინანულის ან აღტაცების განცდა არასდროს უნდა ყოფილიყო საინტერესო ქართულ პოლიტიკურ რეალობაში, ამაზე არასდროს არ უნდა გვესაუბრა. უნდა გვესაუბრა გადაწყვეტილებაზე, რომლებსაც პოლიტიკოსები იღებენ და იმ გამოწვევებზე, რაც დგას საზოგადოების წინაშე. შესაბამისად, ჩემი ემოციების განხილვის დრო ნამდვილად არ არის. როგორც მოგახსენეთ, სირთულე დგას სახელმწიფოებრიობასთან მიმართებაში და ისევე როგორც, ხუთი წლის წინ, ოთხი წლის წინ, მე ვემსახურები ქართულ სახელმწიფოს და ვცდილობ, მისი ინტერესების დაცვას”, – განაცხადა მარგველაშვილმა.