გიორგი მარგველაშვილი - მართლმსაჯულების სისტემა რჩება აქილევსის ქუსლად
გიორგი მარგველაშვილი - მართლმსაჯულების სისტემა რჩება აქილევსის ქუსლად

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მართლმსაჯულების სისტემა რჩება იმ აქილევსის ქუსლად, რომელიც პრობლემად გასდევს, ფაქტობრივად, ყველა ხელისუფლებას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად ანა დოლიძის წარდგენისას განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით,  2012 წელს,  ხელისუფლების ცვლილების დროს, ყველას ჰქონდა მოლოდინი, რომ მართლმსაჯულების სისტემა თვისობრივად გაუმჯობესდებოდა.

„თუმცა, დღეს შეიძლება ითქვას, რომ საზოგადოების ნდობა ზოგადად მართლმსაჯულების მიმართ, სამწუხაროდ, ბევრ კითხვას ვერ პასუხობს. არადა, დამოუკიდებელი სასამართლო არის ერთ-ერთი მთავარი ფუნდამენტი ჩვენი სახელმწიფოებრიობის. ის არა მარტო უზრუნველყოფს ჩვენი მოქალაქეების სამართლებრივ დაცულობას, არამედ არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გარანტი ჩვენი სახელმწიფოს ბალანსისა და გაწონასწორების მექანიზმების, ანუ დემოკრატიული სახელმწიფოს და სამართლებრივი სახელმწიფოს ეფექტური ფუნქციონირების. ხოლო იუსტიციის უმაღლესი საბჭო არის ერთ-ერთი იმ ორგანოთაგანი, რომელსაც თავისი მანდატით ევალება უზრუნველყოს მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობა და ეფექტური ფუნქციონირება“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მისი თქმით, მართლმსაჯულების სისტემაში საკანონმდებლო ბაზა ჯერ კიდევ დასახვეწია.

„მათ შორის იმაზეც გაგვისვამს ხაზი, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საკანონმდებლო ბაზა, რომელიც ბოლომდე გამჭვირვალეს და ეფექტურს გახდიდა ამ ორგანოს, ესეც გასაკეთებელია. თუმცა არაერთხელ აღმინიშნავს იმის თაობაზე, რომ მარტო საკანონმდებლო ბაზით,  ისეთი  ფაქიზი სისტემა, როგორიც არის სასამართლო სისტემა, როგორიც არის მართლმსაჯულება, ვერ უზრუნველყოფს თვისობრივად ახალ და თვისობრივად მაღალ საფეხურზე გადასვლას. ამ როლს თამაშობენ ის ადამიანები, რომლებიც თავიანთი პროფესიონალიზმით, პრინციპულობით, თავიანთი ერთგულებით უზენაესი ღირებულებების მიმართ, ხაზს ვუსვამ არა პოლიტიკური კონიუნქტურის მიმართ, არამედ იმ უზენაესი ღირებულებების მიმართ, რომელსაც თითოეული მოქალაქე და განსაკუთრებით კი მოსამართლე უნდა ემსახურებოდეს. ამ ადამიანებით შენდება უკეთესი სამართლებრივი სისტემა. სწორედ ამიტომ ჩემი გადაწყვეტილება დავნიშნო ამ მაღალ და უაღრესად საპასუხისმგებლო თანამდებობაზე ანა დოლიძე, არის განმტკიცებული იმით, რაზეც ორი წუთის წინ ვილაპარაკე. პროფესიონალიზმით, სიმამაცით, ღირებულებებისადმი ერთგულებით და ამ ყველაფრით არა თეორიულად, არამედ ბევრი წლის განმავლობაში, რომლის დროსაც ქალბატონი ანა ამტკიცებდა თავის უნარს, იყოს უაღრესად კვალიფიციური, მამაცი და ქვეყნის ღირებულებების და უზენაესი ღირებულებების იურისტი. ამით არის განმტკიცებული ჩემი გადაწყვეტილება მისი დანიშვნის შესახებ“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილმა ანა დოლიძეს წარმატება უსურვა უაღრესად მნიშვნელოვან და ამავე დროს რთულ საქმეში, უზრუნველყოფს უფრო მაღალი ხარისხის მართლმსაჯულების სისტემის აღმშენებლობა და გაძლიერება საქართველოში.

ანა დოლიძე საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად წარადგინა.

ანა დოლიძე აღნიშნულ პოსტზე ვახტანგ მჭედლიშვილს შეცვლის, რომელსაც  4-წლიანი უფლებამოსილების ვადა 16 იანვარს ეწურება.

ანა დოლიძე ამ დრომდე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის თანამდებობას იკავებდა.