გიორგი მარგველაშვილი - MAP-ის ტექნიკური ნაწილი უკვე გვაქვს, დარჩენილია მხოლოდ პოლიტიკური ნაწილი, ანუ წევრი ქვეყნების კონსენსუსი
ნატო-ს წევრობის სამოქმედო გეგმის, MAP-ის ტექნიკური ნაწილი უკვე გვაქვს. დარჩენილია მხოლოდ პოლიტიკური ნაწილი, არა ის, რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ, არამედ წევრი ქვეყნების კონსენსუსი, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პირველ არხთან ინტერვიუში.
როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, ნატო-ში გაწევრიანების სამოქმედო გეგმა არის პროცესი, რომელიც ალიანსის გაფართოების განმავლობაში სხვადახვა შინაარსს იძენდა, სხვა ქვეყნები საქართველოზე დიდხანს იცდიდნენ, ვიდრე ნატო-ს წევრები გახდებოდნენ.
„ეს მექანიზმი ხშირად იყო დატვირთული ბევრი ტექნიკური პროცესითა და პროცედურით. საქართველოს ყველა ეს ტექნიკური მექანიზმი უკვე აქვს. წევრობის სამოქმედო გეგმის დიდი ნაწილი, რომელიც რეფორმის პროცესს გულისხმობს და ქვეყნის მიყვანას საბოლოო წერტილამდე, საქართველოს უკვე დაწყებული აქვს. თუმცა, რჩება პოლიტიკური კონსენსუსის ნაწილი. ეს არის ყველა ქვეყნის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ ყველაზე განვითარებული ასპირანტი ქვეყანა მიღებულ იქნას ნატო-ში. MAP-ი და საქართველო, როდესაც ამ თემაზე ვსაუბრობთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ წევრობის სამოქმედო გეგმის ტექნიკური ნაწილი უკვე გვაქვს. დარჩენილია მხოლოდ პოლიტიკური ნაწილი. არა ის, რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ, არამედ წვერი ქვეყნების კონსენსუსი“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.