გიორგი მარგველაშვილი - მადლობას ვუხდი ანდჟეი დუდას იმ მტკიცე პოზიციისთვის, რომელიც პოლონეთს უკავია საქართველოსთან მიმართებაში
გიორგი მარგველაშვილი - მადლობას ვუხდი ანდჟეი დუდას იმ მტკიცე პოზიციისთვის, რომელიც პოლონეთს უკავია საქართველოსთან მიმართებაში

პოლონეთი იყო იმ პირველ ქვეყანათა რიგში, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობა ერთ-ერთმა პირველმა სცნო მაშინ, როდესაც ჩვენი პირველი რესპუბლიკა ფეხს იდგამდა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პოლონეთის პრეზიდენტ ანდჟეი დუდასთან ბრიფინგზე განაცხადა. 

„ჩვენ ამ წუთას ხელი მოვაწერეთ ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის უმნიშვნელოვანეს დოკუმენტს, რომელიც ეძღვნება საქართველოსა და პოლონეთს შორის 25 წლის წინ აღდგენილ დიპლომატიურ ურთიერთობებს, მაგრამ აქვე ხაზი უნდა გავუსვა, რომ ეს არის დიმპლომატიური ურთიერთობების 98 წელი“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილმა პოლონეთის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა იმ მტკიცე პოზიციისთვის, რომელიც საქართველოს პოლონეთისგან აქვს.

„მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ბატონ პრეზიდენტს იმ მტკიცე პოზიციისთვის, რომელიც პოლონეთს უკავია საქართველოსთან მიმართებაში ნატო-ს, ევროკავშირისა და გაერო-ს ფორმატებში. აქ ყველგან ვგრძნობთ, რომ ბატონი პრეზიდენტი და პოლონეთი ტრადიციულად არის ძლიერი მხარდამჭერი იმ სულისკვეთების, რომელსაც შეგვიძლია დავარქვათ სიტყვა – თავისუფლებისმოყვარე ერების მხარდაჭერა. ამ კონტექსტში საქართველოს მართლაც ჰყავს ძალიან ძლიერად მოსაუბრე ხმა და პრინციპული ხმა ძლიერი ქვეყნისა, როგორც ევროატლანტიკურ კავშირში, ასევე ევროკავშირში“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

გიორგი მარგველაშვილის თქმით, პოლონელი ხალხი ისტორიულად ქართული სახელმწიფოს და ქართველების გვერდზე დგას.

„მეძლევა შესაძლებლობა, მადლობა ვუთხრა ბატონ პრეზიდენტს იმ მიღწევებისთვის, რაც საქართველოს აქვს ამ მიმართულებით. იქნება ეს ჩვენი ვიზალიბერალიზაციის პროცესი, ნატოს-თან გაფართოებული თანამშრომლობის პროცესი, თუ სხვა წარმატებები, რაც ჩვენ გვაქვს. ჭეშმარიტად პოლონელი ხალხი ქართული სახელმწიფოს და ისტორიულად ქართველების გვერდზე დგას“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

საქართველოს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის მხარდაჭერას და როლს საქართველოს ინტერესების დაცვისა და ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების საკითხებში.

“ბატონ პრეზიდენტს გარკვეული გულისტკივილითაც, მაგრამ ამავე დროს მადლიერებითაც შეგვიძლია მადლობა ვუთხრათ იმ ღვაწლისთვის, რაც მის წინაბორბედ კაჩინსკის ჰქონდა საქართველოსთან მიმართებაში. ჩვენი ქვეყნისთვის მართლაც ყველაზე რთულ პერიოდში, როდესაც მტრის არმია შემოდიოდა საქართველოში, ჩვენს გვერდით იდგა პოლონეთის პრეზიდენტი და დღეს მინდა პრეზიდენტ დუდას მადლობა ვუთხრა იმ ტრადიციების გაგრძლებისთვის, რომელიც საქართველოს აჩვენა ბატონმა კაჩინსკიმ”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილის თქმით, პრეზიდენტებმა ორმხრიივ ურთიერთობების თაობაზეც ისაუბრეს.

„ჩვენ გვაქვს მზარდი ფორმატები ურთიერთობებისა როგორც ვაჭრობის და ტურიზმის, ასევე განათლების სფეროში, თუმცა მთელი ეს შესაძლებლობები ჯერ კიდევ წინ არის და დარწმუნებული ვარ, პოლონეთის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში კიდევ ახალ იმპულსს მისცემს ამ ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაზე“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

საქართველოს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ქართველი ხალხისა და ხელისუფლების სიმტკიცეს საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის, ასევე ევროკავშირის მიმართულებით.

„მინდა, ხაზი გავუსვა იმ ერთგულებას იმ ღირებულებებისადმი, რაც ჩვენ გვაერთიანებს. ჩვენი საზოგადოება, ისევე როგორც ჩვენი შეიარაღებული ძალები, აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ როგორც რეგიონი, ასევე გლობალურად სიმშვიდე და სტაბილურობა იქნას უზრუნველყოფილი მსოფლიოში. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ის როლი, რომელსაც პოლონეთი თამაშობს, როგორც „ვიშეგრადის“ კონტექსტში, „სამი ზღვის თანამშრომლობისა“ და ასევე რეგიონების განვითარების კონტექსტში, იქნება ნამდვილად კიდევ უფრო გაძლიერებული და გვიგულეთ საქართველო როგორც მტკიცე პარტნიორი ამ მიმართულებით“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.