გიორგი მარგველაშვილი - კობახიძე, ეტა რაზ; გახარია, ეტა დვა....
გიორგი მარგველაშვილი - კობახიძე, ეტა რაზ; გახარია, ეტა დვა....

მეამაყება დღევანდელი საქართველო, მეამაყება ეს მოედანი, სადაც იწერება ისტორია ახალი საქართველოსი და ეს ისტორია იწერება ყველაზე ამაყი ფრაზით – ჩვენ საქართველოს მოქალაქენი, – ასე მიმართა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეებს.

„ჩემი მეგობარი ამბობდა ფრაზას, რომელიც მაშინებდა ხოლმე, ძალიან ძლიერი ფრაზაა, რომ თავისუფლების ხე დროდადრო უნდა იყოს მორწყული პატრიოტთა სისხლით, ეს სისხლი აქ დაიღვარა და ეს სისხლი დღეს არის საწინდარი, რომ თქვენ იქნებით ამით გაერთიანებული, თქვენ არ შეგეშინდებათ, თქვენ ხართ ამით შედუღაბებული. ჩვენმა თაობამ ეს გააკეთა 30 წლის წინ ძალიან მტკივნეულად, მაშინაც აქ დაიღვარა სისხლი უმანკო ბავშვების და ამ სისხლმა, მისმა მისტიკამ დაანგრია უდიდესი იმპერია“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, რუსთაველის გამზირზე დაიწერება ძალიან ნათელი და წმინდა მომავალი.

„მმართველ გუნდს დღეს დარჩა მდარე პიარი, მდარე ჭორაობის დონის ბოტები. რაღაცნაირი კრახაბორული ვაჭრობა, რომელიც ვერ შედგება, რადგან აქ არის სიმართლე, ძალა, ჭეშმარიტი სურვილი საქართველოს მომავლისა. დღეს მინდა, კიდევ ერთ რამეს გავუსვა ხაზი, სიმტკიცე, არდაშვება ჩვენ მიერ დაშვებული შეცდომების, რაც ჩვენმა თაობამ დაუშვა, როდესაც გადავეკიდეთ, როდესაც დავუპირისპირდით. როგორც მიდის მიტინგი, ეს რაღაცნაირი ნათელი ხედვა, ის, რომ არ იცვლება მოთხოვნები, ეს არის ძალიან მტკიცე და ამ სიმტკიცეს არაფერი ტეხავს. ეს პოლიტიკურად ძალიან სწორია. ამ სიმტკიცეს აქვს გამარჯვებები და ექნება მომავალში. ახლა ცოტა იუმორით, კობახიძე, ეტა რაზ, გახარია, ეტა დვა; მინდა, მივმართო ჩვენს პატივცემულ საერთაშორისო პარტნიორებს, რომლებიც ხშირად გულდაწყვეტილები ამბობენ ხოლმე, რომ რუსეთი იგებს იდეოლოგიურ ბრძოლას, საქართველოში კი არა, მათ ქვეყნებში. მე მათ თავიდანვე ვეუბნებოდი, რომ ცივი ომი ჩვენ აქ ვიომეთ ცხლად. ჩვენ ვეომეთ რუსების „ბეტეერებს“. ჩვენი სისხლი დაიღვარა, მათ გამარჯვებებში ჩვენი ძალა და წარმატებაც იყო. დღეს მინდა ვუთხრა მათ, რომ მოვიდნენ და დააკვირდნენ ახალ საქართველოს, იპოვონ პასუხები, აქ როგორ უნდა ებრძოლონ რუსეთის რბილ ძალას. რუსეთი ვერ გაიმარჯვებს, ნახონ და ისწავლონ, როგორ შეგვიძლია ჩვენი სიამაყის და ეროვნულობის დაცვა. თქვენთან ერთად ვიდგები გამარჯვებამდე“, – მიმართა აქციის მონაწილებს გიორგი მარგველაშვილმა.