გიორგი მარგველაშვილი - ხორავას ქუჩაზე მომხდარის გამო, ყველა შეძრწუნებული და შეშინებული ვართ
გიორგი მარგველაშვილი - ხორავას ქუჩაზე მომხდარის გამო, ყველა შეძრწუნებული და შეშინებული ვართ

ყველა შეძრწუნებული და შეშინებული ვართ იმით, რაც დღეს თბილისში მოხდა, ვუსამძიმრებ ოჯახსა და მთელს საზოგადოებას, – ამის შესახებ საქართველო პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თბილისში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე საუბრისას განაცხადა.

გიორგი მარგველაშვილმა დაჭრილ არასრულწლოვანს სწრაფად გამოჯანმრთელება უსურვა.

„პასუხისმგებლობა ვის უნდა მოვკითხოთ ამ ტრაგედიაზე, ეს კითხვები მომავალში დაისმება, მაგრამ ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, რომ როგორც საზოგადოება, ჩვენ აღმოვჩნდით ძალიან აგრესიული და ძალიან ძალადობრივი. ეს არ გამოიხატება მხოლოდ ამ ტრაგიკულ მოვლენაში. გუშინ იყო დღე, როდესაც მე მივედი და ძალადობის მსხვერპლ ქალებთან მქონდა ურთიერთობა“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მისი თქმით, ყველა ადამიანი უნდა დაფიქრდეს, როგორ საზოგადოებაში ცხოვრობს.

„დღე არ გავა, რომ არ იყოს ასეთი აგრესიის გამოვლენა. ყველა ჩვენგანი უნდა დაფიქრდეს იმაზე, რა საზოგადოებაში ვცხოვრობთ. ამ ტრაგედიამ უნდა დაგვაფიქროს, ვინ ვართ და რა საზოგადოებაში გვინდა, რომ ვიცხოვროთ“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

შსს-ს ცნობით, თბილისში, ხორავას ქუჩაზე, არასრულწლოვნებს შორის ჩხუბი მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღით დაჭრეს 2001 წელს დაბადებული დ.ს., რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი და 2001 წელს დაბადებული ლ.დ., რომელიც მიყენებული ჭრილობის შედეგად, საავადმყოფოში მიყვანამდე, გზაში გარდაიცვალა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა საქართველოს სსკ-ს108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) მიმდინარეობს.