გიორგი მარგველაშვილი - ხმა მივეცი იმას, რომ დამთავრდეს პოლიტიკური ჭაობი და ერთფეროვნება ქართულ პოლიტიკაში
გიორგი მარგველაშვილი - ხმა მივეცი იმას, რომ დამთავრდეს პოლიტიკური ჭაობი და ერთფეროვნება ქართულ პოლიტიკაში

ხმა მივეცი იმას, რომ დამთავრდეს პოლიტიკური ჭაობი და ერთფეროვნება ქართულ პოლიტიკაში, იმისთვის რომ მოვიდნენ პატრიოტი ადამიანები ხელისუფლებაში,- ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, მთაწმინდაზე, ნომერ მეექვსე საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა.

„ჭაობი დამთავრდეს, რომელმაც გაგვიბედა და გვითხრა, რომ ჯალათი არის მსხვერპლი, სიმართლისთვის მებრძოლი – ავაზაკი. მთაწმინდელებს მინდა მოვუწოდო, ვინც არჩევს თეთრსა და შავს, ეს სიმართლე გადაიტანეთ საარჩევნო ბიულეტენზე და თქვენი არჩევანი დააფიქსირეთ. მთაწმინდელი ამომრჩეველი არჩევს ტყუილსა და მართალს, არჩევს ჯალათსა და სიმართლისთვის მებრძოლს, ამ ჭეშმარიტებას გადაიტანს საარჩევნო ბიულეტენზე“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

მთაწმინდაზე პარლამენტის შუალედური არჩევნების დროს 33 საარჩევნო უბანი მუშაობს. პირველივე ტურში გამარჯვებისთვის კანდიდატმა ამომრჩეველთა ხმების 50 პროცენტზე მეტი უნდა მოიპოვოს. არჩეულ დეპუტატს უფლებამოსილების განხორციელებისთვის დაახლოებით 16 თვე ექნება.

პარლამენტის შუალედური არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტად აირჩიეს.

მთაწმინდის მაჟორიტარობის სურვილი 20 კანდიდატს აქვს. საარჩევნო ოლქში რეგისტრირებულ 43 908 ამომრჩეველს არჩევანის გაკეთება ექვსი საინიციატივო ჯგუფისა და 14 პარტიის მიერ წარდგენილ კანდიდატს შორის მოუწევს.