გიორგი მარგველაშვილი - ხმა მივეცი ადამიანს, რომელიც ბრძოლის ველზე იარაღით გვიცავდა მტრისგან
გიორგი მარგველაშვილი - ხმა მივეცი ადამიანს, რომელიც ბრძოლის ველზე იარაღით გვიცავდა მტრისგან

ხმა მივეცი ადამიანს, რომელიც ბრძოლის ველზე იარაღით გვიცავდა მტრისგან, სასამართლო დარბაზებში იცავდა მოქალაქეებსა და მათ ინტერესებს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა მთაწმინდის საარჩევნო ოლქში ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა.

გიორგი მარგველაშვილის თქმით, იმედი აქვს, რომ დღეს მთაწმინდელები თავის პოზიციას დააფიქსირებენ.

„ხმა მივეცი ადამიანს, რომელიც ბრძოლის ველზე იარაღით გვიცავდა მტრისგან, სასამართლო დარბაზებში იცავდა მოქალაქეებს და მათ ინტერესებს, როდესაც ისინი ილახებოდა. მე ხმა მივეცი იმას, რომ ასეთი ადამიანები უნდა იყვნენ გამორჩეული და დაფასებული, მათ უნდა ჰქონდეთ მომავალი პოლიტიკაში. თუ ეს არ მოხდება, ჩვენ პოლიტიკაში გვეყოლებიან თოჯინები, რომლებიც არა თავის პოზიციას და აზრს დააფიქსირებენ, არამედ იმას, რასაც მათ უბრძანებენ. ეს არჩევანი მთაწმინდელებმა უნდა გააკეთონ.

მაქვს იმედი, რომ მთაწმინდის მოსახლეობა პასუხს გასცემს იმ ძალიან ბინძურ კამპანიას, რომელიც ერთ-ერთი ჩვენგანის, ჩვენი თანამებძროლის, მართლა გამორჩეული ადამიანის წინააღმდეგ იქნა ნაწარმოები. არ შეიძლება, საზოგადოებამ მოითმინოს, როდესაც იმ ადამიანს, ვინც შენთვის იბრძოდა წლების განმავლობაში, ასე ცდილობდნენ, შეურაცხყოფა მიაყენონ. მას კი არ აყენებდნენ შეურაცხყოფას, ჩვენ გვაყენებდნენ იმის განცდით, რომ ჩვენ ყველაფერს დავიჯერებთ და გადავყლაპავთ. მჯერა, რომ მთაწმინდელები თავის პოზიციას დააფიქსირებენ“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

თბილისში, N1 მთაწმინდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 19 მაისის შუალედური არჩევნების მეორე ტური იმართება. არჩევნებში მონაწილეობს ორი კანდიდატი: N13 შალვა შავგულიძე – „ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატები“ და N41 ვლადიმერ კახაძე – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“.