გიორგი მარგველაშვილი - ხელისუფლება, რომელიც პატრიოტული ლოზუნგებით გამოსულ მოქალაქეებს ტყვიას ესვრის და წყლის ჭავლით არბევს, არ არის დემოკრატიული
გიორგი მარგველაშვილი - ხელისუფლება, რომელიც პატრიოტული ლოზუნგებით გამოსულ მოქალაქეებს ტყვიას ესვრის და წყლის ჭავლით არბევს, არ არის დემოკრატიული

ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებმა, არაერთხელ ვაჩვენეთ, რომ თავისუფლების, ღირსების, ჩვენი სამშობლოს და მათ შორის სახელმწიფოს მშენებლობა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი მიზანია. შესაბამისად, ასეთ ხელისუფლებას მიღებული აქვს ქართველი ხალხის ვერდიქტი, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლება, რომელიც პატრიოტული ლოზუნგებით გამოსულ მოქალაქეებს ტყვიას ესვრის, არ არის დემოკრატი.

„ხელისუფლება, რომელიც პატრიოტული ლოზუნგებით გამოსულ მოქალაქეებს წყლის ჭავლით არბევს, არ არის დემოკრატიული. ხელისუფლება, რომელიც პოლიტპატიმრებს დაუშვებს თავის ქვეყანაში, არის ავტორიტარი. ხელისუფლება, რომელიც საკუთარ და საერთაშორისო პარტნიორებს მისცემს დანაპირებს და მოიტყუება, არის საერთაშორისო თაღლითი. ასეთი ხელისუფლება არ ეკადრება ჩვენს ერს და ჩვენს საზოგადოებას.

ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებმა არაერთხელ ვაჩვენეთ, რომ თავისუფლების, ღირსების, ჩვენი სამშობლოს და მათ შორის სახელმწიფოს მშენებლობა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი მიზანია. შესაბამისად, ასეთ ხელისუფლებას მიღებული აქვს ქართველი ხალხის ვერდიქტი. ასეთ ხელისუფლებას მიღებული აქვს პარტნიორების ვერდიქტი, ასეთი ხელისუფლება, მიუხედავად იმისა, რომ ისინი დღეს კაბინეტებში სხედან, უკვე წარსული ხელისუფლებაა საქართველოსთვის“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, ამ ბრძოლას მარტო გამარჯვება უწერია, რომლის შედეგად მივიღებთ უკეთეს ქვეყანას.

„იცოდეთ, რომ ამ ბრძოლას მარტო გამარჯვება უწერია, იცოდეთ, რომ ამ ბრძოლის შედეგად ჩვენ აუცილებლად მივიღებთ უკეთეს ქვეყანას, ქვეყანას, რომლის მოქალაქეთა სიმტკიცესაც ვერ გატეხს რუსი ოკუპანტი, რადგან რამდენადაც ჩვენზე მეტი ტანკი და ბეტეერიც არ უნდა ჰყავდეთ, ჩვენზე მეტი ისტორიული სიმტკიცე მათ არ გააჩნიათ. ამ საზოგადოებამ ძალიან ბევრი იმპერიას გაუძლო და ძალიან ბევრი იმპერია დაამარცხა.  ამ იმპერიასაც დავამარცხებთ ჩვენს მიწა-წყალზე და ამ დამარცხების მერე, ამ ჩვენი გამარჯვების მერე ვიქნებით მთლიანი, ძლიერი, ისეთი, როგორიც ყოველთვის ვიყავით. დიდ პატივს გცემთ, თქვენს გვერდით ვდგავარ და ამ ბრძოლას ნამდვილად არ ჩამოვშორდები. გაუმარჯოს თავისუფალ, დამოუკიდებელ საქართველოს“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

20 ივნისის აქციიდან ერთი წლის შემდეგ პარლამენტის წინ მოძრაობა „სირცხვილიას“ აქცია იმართება „ერთად ოკუპაციის წინააღმდეგ“.

რუსთაველის გამზირზე, აქციის მონაწილეებს შორის დისტანციის დაცვის უზრუნველსაყოფად სტიკერებია დაკრული. აქციაზე მისული პირები სწორედ მონიშნულ ადგილებზე არიან განლაგებულები. ასფალტზე დაკრულ სტიკერებზე გამოსახულია რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, რომელსაც სახეზე ნაბიჯები ახატია. აქციას შეუერთდნენ ოპოზიციური პარტიები.

აქციის მიმდინარეობა შეგიძლიათ იხილოთ ლინკზე.