გიორგი მარგველაშვილი - განსხვავებულ ტრადიციათა და ადამიანთა ინდივიდუალობის მიღება, გაგება და პატივისცემა აუცილებელი პირობაა მშვიდობისა და საყოველთაო განვითარების საზოგადოების ასაშენებლად
გიორგი მარგველაშვილი - განსხვავებულ ტრადიციათა და ადამიანთა ინდივიდუალობის მიღება, გაგება და პატივისცემა აუცილებელი პირობაა მშვიდობისა და საყოველთაო განვითარების საზოგადოების ასაშენებლად

საქართველოს პრეზიდენტი ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, განსხვავებულ ტრადიციათა და ადამიანთა ინდივიდუალობის მიღება, გაგება და პატივისცემა აუცილებელი პირობაა თანხმობის, მშვიდობისა და საყოველთაო განვითარების საზოგადოების ასაშენებლად.

„დღეს მთელ ცივილიზებულ სამყაროსთან ერთად ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს აღვნიშნავთ.

განსხვავებულის მიღება თავისუფლებისა და შინაგანი ძალის გამოვლინებაა. ამ თავისუფლების გაძლიერება – საზოგადოების განვითარების საწინდარია.

თავისუფალი, ევროპული საქართველოს შენებისას სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ საზოგადოების ყველა ჯგუფს, თითოეულ ინდივიდს, მიუხედავად სხვათაგან განსხვავებულობისა, ჰქონდეს განცდა, რომ ამ პროცესის მონაწილე და შემოქმედია.

ჩვენი კულტურული მრავალფეროვნების, განსხვავებულ ტრადიციათა და ადამიანთა ინდივიდუალობის მიღება, გაგება და პატივისცემა აუცილებელი პირობაა თანხმობის, მშვიდობისა და საყოველთაო განვითარების საზოგადოების ასაშენებლად.

ტოლერანტობა ჩვენი ხანგრძლივი ისტორიის უწყვეტი ტრადიციაა. საუკუნეთა მანძილზე ამ მიწაზე უპრობლემოდ ცხოვრობდნენ და ცხოვრობენ სხვადასხვა ეროვნების, რელიგიისა თუ სხვა ნიშნით განსხვავებული ადამიანები, რომლებიც ერთად ქმნიან ჩვენი საერთო სამშობლოს ხვალინდელ დღეს.

ამ ფასდაუდებელი მემკვიდრეობის შესაბამისად, უნდა ვიზრუნოთ, რომ ტრადიციებმა ახალ დროში ახალი სიცოცხლე შეიძინოს, რომ საქართველო მუდამ იყოს ისეთი, როგორადაც მას დიდი ილია აღწერს: მშვიდობის – მყოფელი სავანე და სინდისის თავისუფლების ადგილი ყველასათვის“,- აცხადებს პრეზიდენტი.