გიორგი მარგველაშვილი - ევროკავშირი კიდევ უფრო გაძლიერდება, როდესაც საქართველო ევროპული კავშირის სრულუფლებიანი წევრი გახდება
გიორგი მარგველაშვილი - ევროკავშირი კიდევ უფრო გაძლიერდება, როდესაც საქართველო ევროპული კავშირის სრულუფლებიანი წევრი გახდება

ევროპა შედგა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კავშირი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „ევროპის დღის“ აღსანიშნავ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ეს კავშირი კიდევ უფრო გაძლიერდება, როდესაც საქართველო, რომელიც მისი ისტორიული ნაწილი იყო, ისტორიულად შეუერთდება და ევროპული კავშირის სრულუფლებიანი წევრი გახდება.

„ორი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია ევროპულ ცივილიზაციაში, ეს არის ინდივიდუალიზმი და ამ ინდივიდუალიზმის ერთიან საზოგადოებაში, ერთიან პროცესში შენარჩუნების თავისუფლება. ჩვენ ბუნებრივად ამ კულტურის ნაწილი ვართ და დღეს მე ვულოცავ ყველა იმ თავისუფალ ადამიანს, ვინც იღწვის იმისთვის, რომ შედგეს თავისუფალი საქართველო, შედგეს თავისუფალი ევროპა და საქართველო იყოს ამ ევროპის ნაწილი.

ევროპის ქვეყნები ძალიან სერიოზულ დახმარებას და მხარდაჭერას უწევენ საქართველოს, ეს მხარდაჭერა კიდევ უფრო ნათლად იქნება ნაჩვენები ჩვენთვის სასიხარულო დღეს, 26 მაისს, როდესაც ჩვენ ევროპელ თანამოაზრეებთან ერთად აღვნიშნავთ პირველი რესპუბლიკის დღეს“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტმა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ორგანიზებით ღია ცის ქვეშ მოწყობილი „ევროსოფელი” დაათვალიერა, სადაც დამთვალიერებლებს სხვადასხვა შემეცნებით, გასართობ და სპორტულ აქტივობაში ჩართვის შესაძლებლობა ჰქონდათ.