გიორგი მარგველაშვილი - ენის მოჩლექვით ლაპარაკმა სასიკეთო არაფერი მოუტანა ქვეყნებს, რომლებიც ცდილობდნენ რუსეთის დამშვიდებას, აგრესორის მადა მხოლოდ იმატებს
გიორგი მარგველაშვილი - ენის მოჩლექვით ლაპარაკმა სასიკეთო არაფერი მოუტანა ქვეყნებს, რომლებიც ცდილობდნენ რუსეთის დამშვიდებას, აგრესორის მადა მხოლოდ იმატებს

ჩვენ არ უნდა გვეშინოდეს სიტყვების – ეს არის ომი, რადგან საქართველო არის დამოუკიდებელი ქვეყანა და ქართველ ერს აქვს დამოუკიდებლობის ნება, ეს იქნება ბოლომდე გატანილი. ეს არის ომი საქართველოს წინააღმდეგ, ეს არის აგრესია, ეს არის ოკუპაცია და ეს არის საერთაშორისო სამართლის სრული დარღვევა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაში – „მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის – 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წლის შემდეგ“.

გიორგი მარგველაშვილმა მრგვალ მაგიდაში მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საოკუპაციო ხაზი, სადაც ისინი ცოტა ხნის წინ იმყოფებოდნენ, არის ადგილი, სადაც ყველაზე ნათლად ჩანს რუსული აგრესიის სახე.

„მადლობა ამ დროს ჩვენ გვერდით დგომისთვის. მადლობა, რომ ჩვენ გვერდით იდექით მაშინ, როდესაც რუსეთის ოკუპაცია 10 წლის წინ თავისი ტანკებითა და შეიარაღებული ძალებით რეგულარული არმიით ხორციელდებოდა ჩვენს მიწა-წყალზე და მაშინ ჩვენი პარტნიორების კონსოლიდირებული პოზიცია იყო მიზეზი,  რომ მსხვერპლი ნაკლები იყო და რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ნაკლებად შეძლეს დასახული მზაკვრული მიზნის მიღწევა.

2008 წლის ომი იყო ომი საქართველოსა და რუსეთს შორის, რომელშიც ჩართული იყო რუსეთის რეგულარული შეიარაღებული ძალები. ომი საქართველოს წინააღმდეგ დაიწყო ბევრად უფრო ადრე, საქართველოს ამ ორი რეგიონის ოკუპაცია დაიწყო ბევრად უფრო ადრე, 1992-93 წლებში, როდესაც რუსეთის ძალისხმევით, ჰიბრიდული ომის მეშვეობით ეს ორი რეგიონი ჩამოშორდა საქართველოს, ჩამოშორდა საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას, დროებით, მაგრამ ჩამოშორდა. ეს გადაწყვეტილება მაშინ განპირობებული იყო არა ნატო-თი, არა ევროკავშირით, როგორც 2008 წელს რუსი პროპაგანდა ცდილობდა მონათვლას, არამედ ეს გადაწყვეტილება განპირობებული იყო იმით, რომ საქართველომ გადაწყვიტა, იყოს დამოუკიდებელი და თავისუფალი ქვეყანა, საქართველომ გადაწყვიტა, დაუბრუნდეს თავის ბუნებრივ არსებობას, ბუნებრივ ფესვებს”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, 2008 წლის ომი იყო განსაკუთრებით მძიმე ადამიანური მსხვერპლის შედეგით, ასევე იმით, რომ ამ ომს მოჰყვა სრულიად გაუგონარი და უსამართლო მცდელობა რუსეთის ფედერაციისა, გაერო-ს მიერ აღიარებული სახელმწიფოს ტერიტორიაზე გამოაცხადოს ორი სუვერენული სახელმწიფო.

„მინდა, მადლობა ვუთხრა ჩვენს საგარეო საქმეთა სამინისტროს და მთელ დიპლომატიურ კორპუსს, აგრეთვე კოლეგებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, განსაკუთრებით თქვენ, ვინც ხართ აქ წარმოდგენილი, რათა რუსეთის ფედერაციის ეს მცდელობა, მოიგოს იმიჯური ომი საერთაშორისო არენაზე, იქნა სრულიად განადგურებული და ჩაშლილი. ეს ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის შედეგია. ათი წლის თავზე თუ შევხედავთ, რა ბრძოლა გაიარეს ჩვენი ქვეყნების დიპლომატებმა, ნათლად ვხედავთ, რომ წარმატება სინათლის, საქართველოსა და კეთილი ნების მხარეს არის. გაერო-ში ფაქტობრივად არც ერთი ქვეყანა არ აღიარებს ამ თვითგამოცხადებულ, უფრო სწორად რუსეთის მიერ გამოცხადებულ სახელმწიფოებსა და მხარდამჭერების რიცხვი გაერო-ში, ლტოლვილთა და დევნილთა ღირსეული დაბრუნების თვალსაზრისით, სულ უფრო მატულობს. თუ დავუბრუნდებით 10 წლის წინანდელ შედეგებს, ჩვენ ვხედავთ, რომ ყველას არ გვეყო ძალისხმევა, ხშირ შემთხვევაში გამჭრიახობა, რათა შეგვეფასებინა იმ წუთს, რა ხდებოდა საქართველოს ტერიტორიაზე. იყო ასეთი რიტორიკაც, თითქოს ეს არაპროპორციული ძალა იყო გამოყენებული საქართველოს წინააღმდეგ, ყველას, ვისაც მაშინ ეჭვი ეპარებოდა, სამწუხაროდ, პასუხი გაეცა 2014 წელს უკრაინაში, სამწუხარო პასუხი გაეცა 2016-2017-ში, როდესაც ჰიბრიდული კიბერშეტევების მსხვერპლი გახდა ევროპა”, – განაცხადა მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, აგრესორთან ენის მოჩლექვით ლაპარაკი, სიმართლის პირდაპირ არ თქმა, აგრესიის არ დარქმევა, რაც არის პირდაპირი დარღვევა, როგორც საერთაშორისო სამართლის, ასევე ადამიანური ნორმების, თუნდაც ორ ქვეყანას შორის მეზობლური ურთიერთობების, ყველა პრინციპის დარღვევას მაშინვე უნდა დარქმეოდა ყველაზე მძაფრი სახელი.

„ჩვენ არ უნდა გვეშინოდეს სიტყვების – ეს არის ომი, რადგან საქართველო არის დამოუკიდებელი ქვეყანა და ქართველ ერს აქვს დამოუკიდებლობის ნება, ეს იქნება ბოლომდე გატანილი. ეს არის ომი საქართველოს წინააღმდეგ, ეს არის აგრესია, ეს არის ოკუპაცია და ეს არის საერთაშორისო სამართლის სრული დარღვევა. ვიდრე ჩვენ არ ვიტყვით ამ სიტყვებს სრული გამბედაობით, მანამდე მეტ რისკებს ვუქმნით საკუთარ თავსაც და იმ გარემოს, რომელშიც ვარსებობთ. ყველაზე პრაგმატული გამოცდილებით ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ, რომ ამ ენის მოჩლექვით ლაპარაკმა არაფერი სასიკეთო არ მოუტანა ქვეყნებს, რომლებიც ცდილობდნენ რაღაცნაირად რუსეთის დამშვიდებას, მიჩუმათებას და იმის განცდას, რომ ეს შესაძლებელია ერთი ან ორი ლუკმით დამთავრდეს. აგრესორის მადა მხოლოდ იმატებს დაპყრობის და აგრესიის კვალდაკვალ. რას აკეთებს საქართველო ამ 10 წლის განმავლობაში, როგორია ჩვენი სტრატეგია? ჩვენი სტრატეგია მარტივია, ზუსტად ვიცით რუსეთის გეგმები, რომელიც დაიწყო დამოუკიდებლობის პირველივე დღეს, ეს არის საქართველოს შეჩერება რაიმე მექანიზმით, რომელიც სირთულეს შეუქმნის ქვეყანას და ამ პოზიციაზე პასუხი არის შემდეგი – ჩვენ არაფრის დიდებით არ შევჩერდებით, არც ქვეყნის განვითარების თვალსაზრისით, არც დემოკრატიის გაღრმავების თვალსაზრისით, არც ევროკავშირში, არც ნატო-ში ინტეგრაციის თვალსაზრისით”, – განაცხადა მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, სტრატეგიული გეგმები, რომელიც ქართულმა საზოგადოებამ დასახა, არის პოლიტიკური დღის წესრიგის მთავარ ნიშნულად დალაგებული და ამ გეგმების მიღწევა არის გარანტი, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი აღდგება.

„კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რომელსაც ასევე ხაზი გაესვა ჩვენს სტრატეგიაში, ის არის, რომ საქართველო არასდროს განიხილავს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის აღდგენას ძალისმიერი მეთოდებით. ამ პრინციპების განხორციელება ბუნებრივია, არ არის უბრალო და იოლი, განსაკუთრებით ისეთ ვითარებაში, როდესაც ყოველდღიურად ხდება ადამიანების მოტაცება, ჩვენი მოქალაქეების ქონების ხელყოფა და რაც ყველაზე ტრაგიკულია, არის ფაქტები, როდესაც ჩვენს მოქალაქეებს იტაცებენ, აწამებენ და წამებით კლავენ. დარწმუნებული ვარ, ჩვენი დღევანდელი შეხვედრა იქნება კიდევ ერთი მტკიცედ გადადგმული ნაბიჯი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის, რეგიონის სტაბილურობის, გლობალურად საერთაშორისო სამართლის პრინციპების გაღრმავებისა და მათი მოქმედების შეუქცევადობის საქმეში”, – აღნიშნა მარგველაშვილმა.