ნატო-ს სამიტის ფარგლებში გამართულ ორმხრივ შეხვედრაზე საქართველოს და საფრანგეთის პრეზიდენტებმა გიორგი მარგველაშვილმა და ემანუელ მაკრონმა ბრიუსელში განიხილეს საქართველოს ურყევი არჩევანი-ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შეუქცევადი პროცესი, ასევე საქართველოს წინაშე მდგარი უსაფრთხოების გამოწვევები.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილმა და ემანუელ მაკრონმა ისაუბრეს საქართველო-საფრანგეთის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაზე, საფრანგეთისა და პირადად პრეზიდენტ მაკრონის ჩართულობასა და აქტიურობაზე ძლიერი, ერთიანი ევროკავშირის მხარდასაჭერად, ასევე საქართველოს სახელმწიფოებრიობის განვითარებისათვის საკვანძო მნიშვნელობის საკითხებზე.
ამასთან, საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა საფრანგეთის პრეზიდენტს იმ უმნიშვნელოვანესი მხარდაჭერისათვის, რომელსაც საფრანგეთი აფიქსირებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ასევე, იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ რეზოლუციის უწყვეტი მხარდაჭერისათვის;
შეხვედრისას ასევე პოზიტიურად შეფასდა ის თანამშრომლობა, რომელიც საქართველოს აქვს სავიზო ლიბერალიზაციის მიღების შემდეგ. საქართველოს თანამშრომლობა საფრანგეთთან ნაყოფიერია და მომავალშიც ასე გაგრძელდება, რათა ის მონაპოვარი, რომელიც საქართველოს აქვს თავისუფალ სავიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით, იყოს მნიშნველოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი ევროპული ინტეგრაციის გზაზე.
საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებული ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობის ფორმატების გათვალისწინებით, საქართველო დაინტერესებულია კიდევ უფრო გააღრმავოს თანამშრომლობა საფრანგეთთან არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ საერთო ინტერესების მიმართულებითაც.
ემანუელ მაკრონმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს საერთაშორისო მისიებში საქართველოს კონტრიბუციისათვის და აღნიშნა, რომ ძალაინ შთამბეჭდავია საქართველოს პროგრესი ნატო-ს გზაზე და საფრანგეთი რჩება საქართველოს მხარდამჭერად, როგორც ინტეგრაციის პროცესში, ასევე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართულებით.
მხარეებმა ასევე რუსეთის აგრესიისა და ოკუპირებული ტერიტორიებზე შექმნილი ვითარებისა და რეგიონში უსაფრთხოების გარემოს შესახებ ისაუბრეს.
აღინიშნა, რომ რუსეთმა პატივი უნდა სცეს საერთაშორისო წესრიგს და რომ უსაფრტხოების არქიტექტურა ისე უნდა იყოს აწყობილი, რომ საქართველოს და უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა აუცილებლად უნდა იყოს დაცული.
ითქვა, რომ საფრანგეთი ზრდის თავის ჩართულობას საქართველოს უსაფრთხოების არქიტექტურის გაძლიერებაში, ეს იქნება როგორც საჰაერო და თავდაცვის სისტემების მიმართულებით, ასევე საზღვაო ხომალდების მიმართულებით.
პრეზიდენტმა მაკრონმა გამოთქვა მზაობა, რომ საქართველოს საკითხი საფრანგეთის პოლიტიკურ დღის წესრიგში საკმაოდ მაღალ დონეზე იქნება ატანილი და სხვა ქვეყნებთან ორმხრივ დიალოგებში ხაზს გაუსვამენ საქართველოს უსაფრთხოების მნიშვნელობას.
გიორგი მარგველაშვილმა ემანუელ მაკრონი საქართველოში მოიწვია.
ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.