გიორგი მარგველაშვილი - დღეს ვხედავთ, რომ საქართველოში ნარკოპოლიტიკა უამრავ ადამიანს აუბედურებს
გიორგი მარგველაშვილი - დღეს ვხედავთ, რომ საქართველოში ნარკოპოლიტიკა უამრავ ადამიანს აუბედურებს

როდესაც შენი პოლიტიკა უკეთეს შედეგს არ იძლევა, როცა ის აკრძალვები და სიმკაცრეები, რომელიც მოიფიქრე, შედეგს არ გაძლევს, სჯობს, ეს აკრძალვები მოხსნა, ადამიანები თავისუფლები იყვნენ და თავად გადაწყვიტონ თავიანთი ბედი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ნარკოპოლიტიკაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

შეხვედრის მთავარ თემას ნარკოპოლოტიკის რეფორმის კანონპროექტი წარმოადგენდა, რომელზეც პარლამენტი მუშაობს.

პრეზიდენტის განცხადებით, უდიდესი ინტერესით მუშაობს ადამიანებთან, რომლებიც ქვეყნის ათიათასობით ადამიანზე მუშაობს.

“ვესაუბრე ჯგუფს, რომელიც დიდი ხანია მუშაობს თემაზე, რომელიც უაღრესად მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის. ეს არის უფრო ადეკვატური ნარკოპოლიტიკის ჩამოყალიბება, ვიდრე არის ძალადობრივი ნარკოპოლიტიკა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში თანამედროვე ქართულ, ასევე საბჭოთა სისტემაში ბევრ ადამიანს უნგრევდა ცხოვრებას და ამავე დროს არავითარი გამოსწორება ნარკოტიკების სტატისტიკაში არ მოიტანა. შესაბამისად, ჩვენ დღეს ვხედავთ, რომ საქართველოში მუშაობდა და დღესაც მუშაობს ნარკოპოლიტიკა, რომლის შედეგიც უკეთესი, ყოველ შემთხვევაში სტატისტიკის მაჩვენებლით, არ არის და რომელიც აუბედურებს უამრავ ადამიანს, რომელიც ასევე სამართალდამცველების წინაშე აყენებს ძალიან პრობლემურ არჩევანს. ჩვენ ვხედავთ ჯგუფს, რომელიც პროფესიულად მუშაობს უფრო ჰუმანურ ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით. ეს ჯგუფი თანამშრომლობს ჩვენს დეპუტატებთან, რომლებიც მოწოდებული უნდა იყვნენ, რომ ადეკვატურობისა და ლოიალირობის შესაბამისი კანონმდებლობა შექმნან. ძალიან მიხარია, რომ ჩვენს საზოგადოებაში იხილება ეს თემა. მიხარია, რომ გამოვდივართ იმ სტერეოტოპებიდან, რომელიც ჩვენი მოქალაქეების სტიგმატიზაციას ახდენდა, და შემიძლია ზოგადად ვუთხრა ყველას, ვინც ამ საკითხზე ფიქრობს – როდესაც შენი პოლიტიკა უკეთეს შედეგს არ იძლევა, როცა ის აკრძალვები და სიმკაცრეები, რომელოც მოიფიქრე, შედეგს არ გაძლევს, სჯობს, ეს აკრძალვები მოხსნა, ადამიანები თავისუფლები იყვნენ და ადამიანებმა თავად გადაწყვიტონ თავიანთი ბედი”, – განაცხადა პრეზიდენტმა.