გიორგი მარგველაშვილი - ამ დღეებში ჩვენ ვნახეთ როგორც პოლიტიკური, ისე ადმინისტრაციული ქმედებების სრული კრახი და შეცდომების მთელი წყება
ჩვენ ვნახეთ როგორც პოლიტიკური, ისე ადმინისტრაციული ქმედებების სრული კრახი და შეცდომების მთელი წყება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თბილისში, ღამის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერციებთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებზე განაცხადა.
„ამ დღეების გამავლობაში, ჩვენ ვნახეთ როგორც პოლიტიკური, ისე ადმინისტრაციული ქმედებების სრული კრახი და შეცდომების მთელი წყება, რომელიც დაიწყო რეიდით თუ სპეცოპერაციით და შემდეგაც გრძელდებოდა. რანაირად შეიძლება მოვახერხოთ, რომ რამდენიმე საათში სამოქალაქო დაპირისპირების ასეთ ზენიტამდე მივიდეთ, დღემდე კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება.
ბუნებრივია, ამ კითხვის ნიშნებს სჭირდება ძალიან პირდაპირი პასუხები. რანაირად შეიძლება რამდენიმე საათში მოვახერხოთ, რომ მივიდეთ იმ წერტილამდე, რომ კინაღამ სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზე აღმოვჩნდით. შესაბამისად, ჩვენი მიზანი იყო და რჩება შევინარჩუნოთ ერთდროულად გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლება, ამავე დროს, მოვახერხოთ და წესრიგი იყოს შენარჩუნებული როგორც დედაქალაქის ქუჩებში, ასევე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესში”, – განაცხადა მარგველაშვილმა.
თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული აქცია 12 მაისიდან მიმდინარეობდა. ისინი ღამის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციებს აპროტესტებდნენ.
აქცია გუშინ ღამე დაიშალა. ასეთი გადაწყვეტილება აქციის მონაწილეებმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას მიმართვის შემდეგ მიიღეს.
როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, ისინი მოლაპარაკებების რეჟიმზე გადადიან და ერთი კვირით წყვეტენ აქციებს.
მომდევნო აქცია „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ ლიდერებმა 19 მაისისთვის დააანონსეს.