გიორგი მარგველაშვილი - დასაქმებულის სიცოცხლის უფლების დასაცავად ჩვენს კანონმდებლობაში შუალედი ნაპოვნი არ არის
გიორგი მარგველაშვილი - დასაქმებულის სიცოცხლის უფლების დასაცავად ჩვენს კანონმდებლობაში შუალედი ნაპოვნი არ არის

ცოტა ხნის წინ, როცა კონსტიტუციასთან დაკავშირებით კამპანიას ვატარებდი, პროფკავშირების მეშვეობით მქონდა შეხვედრა, სადაც მეშახტეებიც იყვნენ და რკინიგზის მუშაკებიც, რომლებსაც კონკრეტული მოთხოვნები ჰქონდათ, რომ ვითარება უფრო ადეკვატური გახდეს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პირველი არხის გადაცემა „კვირის ინტერვიუში“ სტუმრობისას განაცხადა.

„ჩემი კონსტიტუციური ფუნქცია იმაში მდგომარეობს, რომ ასეთი ურთიერთობა საპარლამენტო გამოსვლაში, პოლიტიკურ მოწოდებებში ავსახო. ეს შევასრულე, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ სხვა კონსტიტუციური ფუნქცია არ გამაჩნია, კანონს მე ვერ შევიტან და ა.შ, რაღაც ვერ გავაკეთე, რადგან ეს ადამიანები უკვე ჩვენს გვერდით აღარ არიან“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, მიიჩნევს თუ არა ქვეყნის პრეზიდენტი, რომ შრომის ახალი კოდექსის პროექტთან დაკავშირებით ბევრად უფრო ლობისტური პოზიცია უნდა დაეკავებინა მაშინ, როცა 2013 წელს ჯიპა-ს სტუდენტებთან შეხვედრისას იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებები „როზა ლუქსემბურგის ოცნებად“ შეაფასა და ამ შემთხვევაში იქნებოდა, თუ არა შესაძლებელი შრომის უსაფრთხოების უფრო მეტად დაცვა, გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ მისი შეფასება შრომის უსაფრთხოებას არ ეხებოდა.

„ეს მაშინ კონკრეტულად ერთი თემის გარჩევა იყო. საუბარი იყო კონტრაქტების გაფორმების და ამ კონტრაქტებში დამქირავებლის უფლებაზე. მაშინ განათლების მინისტრი ვიყავი და ამას ვამბობდი, როგორ მინისტრი და არა როგორც დამქირავებელი. ეს არასაჯარო განცხადება იყო. ერთი თვის წინ, ახალ რედაქციას მოვაწერე ხელი და მაშინაც ვთქვი, რომ ახალი რედაქცია საკმარისი არ იყო. ახლა იმ ბალანსის მოძებნაზე ვლაპარაკობთ, რომელიც ადამიანის სიცოცხლის დაცულობასა და ინვესტიციების დაცულობას შორის უნდა იყოს“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, დამქირავებელი თავადაც ყოფილა და იცის, როგორ შეიძლება, ბიუროკრატიამ დამქირავებელს რეფორმებში ხელი შეუშალოს, მაგრამ საუბარი იმაზე კი არ არის, დამქირავებელი თანამშრომელთან ურთიერთობების წარმოებაში რამდენად მოქნილია, არამედ დღეს იმაზეა საუბარი, რომ ადამიანები კვდებიან.

„აქ იმაზეა საუბარი, რომ უსაფრთხოების ნორმები უნდა იქნას დაცული, რათა ადამიანი მშენებლობიდან არ ჩამოვარდეს. აქ სიცოცხლის უფლების დაცვაზეა საუბარი და ეს იმ რეჟიმში არ უნდა გადავიდეს, რომელიც ბიზნესისთვის პრობლემა იქნება. აქ შუალედის პოვნაზეა საუბარი, რაც ჩვენს კანონმდებლობაში ნაპოვნი არ არის“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.