გიორგი მარგველაშვილი - დაე, შობის დღესასწაულმა სიყვარული და მშვიდობა მოიტანოს თქვენს ოჯახებსა და ჩვენს სამშობლოში

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი შობას ულოცავს საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ამ დღესასწაულს 25 დეკემბერს აღნიშნავენ.

„ძვირფასო თანამოქალაქენო, გულითადად გილოცავთ შობას ყველას, ვინც დღეს ზეიმობს ამ დღესასწაულს. ​მაცხოვრის შობა ჩვენი თავისუფლებისა და განახლების მაუწყებელია. სხვათა თავისუფლებისათვის თავგანწირვა ქრისტეს ცხოვრების არსია. სწორედ ამ უზენაესი ზნეობრივი, პოლიტიკური და საზოგადოებრივი ფასეულობის ჩვენ ყოველდღიურობაში გასაძლიერებლად მომდევნო, 2018 წელი თავისუფლების წლად გამოვაცხადე. ​მჯერა, რომ ყველამ ერთად უნდა შევასხათ ხორცი თანამედროვე საქართველოს უმთავრესი შემოქმედის, ილია ჭავჭავაძის ხედვას თავისუფალი საქართველოსი, როგორც მშვიდობისმყოფელი სავანის და სინდისის თავისუფლების ადგილისა ყველასათვის. ​ვუერთდები თქვენს სიხარულს. ​დაე, თავისუფლებისადმი რწმენის ამ დიდმა დღესასწაულმა სიყვარული და მშვიდობა მოიტანოს თქვენს ოჯახებსა და ჩვენს სამშობლოში“, – აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის მილოცვის ტექსტში.

ათასობით მორწმუნე ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ქრისტიანულ დღესასწაულს – ქრისტეშობას ზეიმობს.

ქრისტეს დაბადებას იმ ეკლესიის წარმომადგენლები შეხვდებიან, ვინც ამ თარიღს გრიგორიანული კალენდრით ითვლის.

კათოლიკეებთან და პროტესტანტებთან ერთად, შობას დღეს 15 ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიიდან 11 ზეიმობს.

დღეს სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენელი ერთხმად აღნიშნავს, რომ ქრისტეშობა მილიონობით ადამიანს მთელ მსოფლიოში სიყვარულისა და სიკეთის გარშემო აერთიანებს.