გიორგი მარგველაშვილი - ჩვენი პარტნიორები „ქართული ოცნების“ ძალადობრივ ჯგუფს ხელისუფლებად არ მოიხსენიებენ და ამ ძალადობრივ ჯგუფს აქვს თავისი სახელი, „სტალინის ვეფხვები“
ჩვენი პარტნიორები „ქართული ოცნების“ ძალადობრივ ჯგუფს ხელისუფლებად არ მოიხსენიებენ და ამ ძალადობრივ ჯგუფს აქვს თავისი სახელი – „სტალინის ვეფხვები“, – ამის შესახებ ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, პრეზიდენტის არჩევნები ლეგიტიმური პროცესი არ არის.
„კონკრეტულად ნუ განმახილვინებთ ამ კანდიდატურას, რადგან აზრი არ აქვს, ეს არ არის არანაირად ლეგიტიმური პროცესი. არის რაღაცა ჯგუფი ადამიანებისა, რომელმაც მიიტაცა ხელისუფლება. შემდეგ ამ ჯგუფმა გააკეთა იმიტაცია პარლამენტის შექმნის, შემდეგ ამ პარლამენტმა გააკეთა იმიტაცია მთავრობის დაკომპლექტების. ახლა აპირებენ პრეზიდენტის დასახელებას. აზრი და არსი ამაში ისაა, რომ ეს ყველაფერი არის ძალადობა და ტყუილი. შესაბამისად, ვინც არ უნდა იქნეს ამ ძალადობის და ტყუილის ფასადში მოქცეული, როგორი პერსონაც არ უნდა იყოს, ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ჩემთვის, არც საქართველოს მოქალაქეებისთვის და, ბუნებრივია, არც ჩვენი პარტნიორებისთვის.
პარტნიორები არცერთ შემთხვევაში არ მოიხსენიებენ ამ ჯგუფს ხელისუფლებად ან მთავრობად. დე ფაქტო მთავრობადაც არ მოიხსენიებენ. ისინი მათზე ლაპარაკობენ, როგორც გარკვეულ ძალადობრივ დაჯგუფებაზე, რომელსაც გააჩნია თავისი სახელი – სტალინის ვეფხვები, „ქართული ოცნება“ ჰქვია ამ ძალადობრივ ჯგუფს. ჩემი აზრით, რას გააკეთებენ, რა პროცედურას ჩაატარებენ და როგორ კორონაციას გააკეთებენ, ამას ნაკლები მნიშვნელობა აქვს“, – აღნიშნა მარგველაშვილმა.