გიორგი მარგველაშვილი - ხშირად ვხედავთ ტელევიზორში ადამიანებს, რომელთა პროფესია ნებისმიერ საკითხზე კომენტარის მიცემაა
გიორგი მარგველაშვილი - ხშირად ვხედავთ ტელევიზორში ადამიანებს, რომელთა პროფესია ნებისმიერ საკითხზე კომენტარის მიცემაა

ტელევიზორში ხშირად ვხედავთ ერთი და იგივე სახეებს, რომლებსაც პროფესია, როგორც ასეთი, არ აქვთ, გააჩნიათ ის პროფესია, რომ ნებისმიერ საკითხზე მისცენ კომენტარი. დაღონებული, დადარდიანებული სახეებით ხშირად ისეთ რაღაცებს საუბრობენ, რისი კომპეტენციაც უბრალოდ არ გააჩნიათ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტ-პროფესორებთან შეხვედრის დროს განაცხადა.

პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში პროფესიონალი ადამიანების ჩართულობის მნიშვნელობას და იმედი გამოთქვა, რომ პროფესურა აზრის დაფიქსირების პროცესში აქტიურად ჩაერთვება.

„ხშირად პროფესიონალი მოქალაქეები საქართველოში თვლიან, რომ არ უნდა იყვნენ ჩართულები საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესში. არ არის ხშირი, როდესაც ძალიან კომპეტენტური ჩვენი პროფესურის ხმა გვესმის, რომლებსაც ძალიან ბევრი გამოცდილება აქვთ, პროფესიონალები არიან რაღაცა კონკრეტულ დარგში, მაგრამ ამავე დროს, მათი შეხედულების საფუძველზე უნდა იქმნებოდეს საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრება და არა მხოლოდ იმ ადამიანების ხარჯზე, რომლებსაც პროფესია გარდა იმისა, რომ ტელევიზორში აზრებს გამოთქვამდნენ, სხვა არც გააჩნიათ.

აი ეს არის ჩვენი საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროცესის დამაზარალებელი შემადგენელი. პროფესურის აზრი, რომლებსაც აქვთ ცოდნა რაღაც დარგში, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესში არ ისმის და ჩვენ რას ვხედავთ ხოლმე ტელევიზორში, ერთი და იგივე სახეებს, რომლებსაც პროფესია როგორც ასეთი არ გააჩნიათ, გააჩნიათ ის პროფესია, რომ ნებისმიერ საკითხზე მისცენ კომენტარი.

დაღონებული, დადარდიანებული სახეებით ხშირად ისეთ რაღაცებს საუბრობენ, რისი კომპეტენციაც უბრალოდ არ გააჩნიათ. იმედია, პროფესურა გააქტიურდება თავისი აზრის დაფიქსირებაში“,- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.