გიორგი მარგველაშვილი - ჩემი მთავარი გზავნილი იყო, „ქართულ ოცნებას“ არ ებრძოლა პრეზიდენტის პოსტისთვის
გიორგი მარგველაშვილი - ჩემი მთავარი გზავნილი იყო, „ქართულ ოცნებას“ არ ებრძოლა პრეზიდენტის პოსტისთვის

საკუთარი კანდიდატურის არდასახელებითა და იმ საკითხის წამოწევით, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არ უნდა დაასახელოს თავისი კანდიდატი, ოპოზიციას, სულ მცირე, უფრო მეტად თანასწორი გარემო შევუქმენი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა მაკკეინის ინსტიტუტის ორგანიზებით თბილისში მიმდინარე კონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, უპირველესი მიზეზი, თუ რატომ არ იყრის კენჭს საპრეზიდენტო არჩევნებში, იმ ფაქტის გაცნობიერებაა, რომ არიან ადამიანები, რომლებსაც ასევე შეუძლიათ ამ სამსახურის შესრულება.

„მეორე მიზეზი ისაა, რომ მე ამას უკვე ხუთი წელია ვაკეთებ და პირველი დღიდან უკანასკნელამდე მე ვცდილობდი ღირებულებების მხარდაჭერას. მუდმივად ცვალებადი კონსტიტუციის პირობებში, როდესაც ერთი საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში პასუხისმგებლობა რამდენჯერმე იცვლება, რთულია, საბოლოოდ გაიგო, რა არის შენი სამსახურის აღწერა, რადგან ის მუდმივად იცვლება. ვისურვებდი, ვინმესთვის მიმეცა შანსი, გააცნობიეროს ეს. თუმცა, ამჟამად არ აქვს მნიშვნელობა, როგორია კონსტიტუცია, საქართველოს პრეზიდენტმა უნდა მისდიოს ერთ მარტივ ჭეშმარიტებას – საქართველო სუვერენული, დამოუკიდებელი ქვეყანაა, რომელსაც აქვს უფლება, დაიცვას საკუთარი თავი და უფლება, აირჩიოს მოკავშირეები, იცოდეს, რომ საქართველოს ოკუპაცია და საქართველოს წინააღმდეგ ოკუპაცია არ უნდა იყოს მისაღები არც საქართველოსთვის და არც ჩვენი მოკავშირეებისთვის. ეს არის ამბიცია, რომ პრეზიდენტმა ნებისმიერი პასუხისმგებლობით უნდა თქვას როგორც საქართველოში, ისე საქართველოს ფარგლებს გარეთ“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მისი თქმით, გზავნილს, რომ მმართველმა პარტიამ კანდიდატი არ დაასახელოს, სხვადასხვა ფორმით ავრცელებდა.

„ვფიქრობ, მე საკმაოდ კარგი სამუშაო შევასრულე, რადგან საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ, ჩემი მთავარი გზავნილი იყო, რომ „ქართულმა ოცნებამ“, როგორც მმართველმა პარტიამ, რომელიც საკონსტიტუციო უმრავლესობას და ყველა სამთავრობო პოზიციას ფლობს, არ უნდა იბრძოლოს პრეზიდენტის პოსტისთვის. მე ამას სხვადასხვა ფორმით ვამბობდი და ამ მესიჯს ვავრცელებდი. მე თავს ვიკავებდი ჩემს საკუთარ კანდიდატურაზე საუბრისგან, ვსაუბრობდი, რომ არ შეიძლება, მათ ჰყავდეთ საკუთარი კანდიდატი, რადგან არასასიამოვნო იქნება იმის ნახვა, რომ სოფლის გამგებლიდან პრეზიდენტამდე ყველა თანამდებობას ერთი პარტიის წარმომადგენელი იკავებს“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, მიზანს მიაღწია, რადგან „ქართულმა ოცნებამ“ არ დაასახელა თავისი კანდიდატი და ამგვარად შექმნა შესაძლებლობა, რომ პრეზიდენტის თანამდებობისთვის კონკურენცია იყოს.

„მე ოპოზიციას მივეცი ეს სიტუაცია და ამით მივეცი უფრო სამართლიანი გარემო პრეზიდენტობისთვის ბრძოლისთვის. რამდენად შეძლებენ ისინი ამის გამოყენებას, ეს უკვე მათზეა დამოკიდებული, თუ რამდენად ექნებათ მათ გაერთიანების ან ალიანსების შექმნის უნარი. ეს არის ქართული პოლიტიკური ცხოვრების ყველაზე სუსტი ნიშნული. ჩვენ გვიყვარს ვინმეს წინააღმდეგ გაერთიანება, თუმცა გვძულს რაღაც მიზნისთვის გაერთიანება. ეს ძალიან ქართულია. შესაძლოა, ოპოზიციამ შეძლოს რაღაცისთვის გაერთიანება, თუმცა ჩემი პერსპექტივიდან, საკუთარი კანდიდატურის არდასახელებითა და იმ საკითხის წამოწევით, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არ უნდა დაასახელოს თავისი კანდიდატი, მე მათ, სულ მცირე, უფრო მეტად თანასწორი გარემო შევუქმენი“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.