გიორგი მარგველაშვილი ბოლნისში საპრეზიდენტო პროგრამის „ვისწავლოთ ქართული“ მონაწილეებს შეხვდა
გიორგი მარგველაშვილი ბოლნისში საპრეზიდენტო პროგრამის „ვისწავლოთ ქართული“ მონაწილეებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს ბოლნისში ეთნიკური უმცირესობების საპრეზიდენტო პროგრამის „ვისწავლოთ ქართული“ მონაწილეებს შეხვდა.

საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა პროექტში მონაწილე მასწავლებლებსა და მსმენელებს შედეგებისთვის და აღნიშნა, რომ სწორედ ქართველების, სომხებისა და აზრბაიჯანელების ერთად დგომა არის ქართული სახელმწიფოს სიძლიერე.

„ენის ბარიერმა არ უნდა შეუშალოს ხელი არავის, თავისი წვლილი შეიტანოს ქვეყნის განვითარებაში. თქვენ სახელმწიფო ენაზე საუბრით აძლიერებთ საკუთარ შესაძლებლობებს და საკუთარი შესაძლებლობების გაძლიერებით,  აძლიერებთ საქართველოს. თქვენი წარმატება ქვეყნის წარმატებაა. ქართულ ენასთან ერთად ვსწავლობდით კონსტიტუციის პრინციპებს, რომელიც გვეუბნებოდა, რომ თქვენ საქართველოს მოქალაქეები ხართ ის მთავარი ძალა, რომელიც აყალიბებს მომავალს და გააჩნია უფლებები, რომელიც დაცულია კანონით“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

შეხვედრისას ფილმის ჩვენება გაიმართა, რომელიც პროექტის მონაწილეებსა და სახელმწიფო ენის სწავლებას უკავშირდებოდა.

პროექტი ,,ვისწავლოთ ქართული” საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, 2015 წლიდან, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ხორციელდება. ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში – ქვემო ქართლში, კახეთში, სამცხე-ჯავახეთში, თბილისში თსუ პროფესორ-მასწავლებლები, მაგისტრანტები და დოქტორანტები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს სახელმწიფო ენასა და კონსტიტუციის საფუძვლებს ინტეგრირებული სწავლების მეთოდით ასწავლიან. 2015-2017 წლებში პროექტის საშუალებით – „ვისწავლოთ ქართული“ – სწავლება საქართველოს სამი რეგიონის, 11 მუნიციპალიტეტის 79 სოფელში განხორციელდა. სამი წლის განმავლობაში კურსს 6688 მსმენელი დაესწრო.