გიორგი მარგველაშვილი - ბარნოვის ქუჩაზე მკვლელობაში ბრალდებულთან დაკავშირებით შს სამინისტროსთანაც რთული კითხვებია
გიორგი მარგველაშვილი - ბარნოვის ქუჩაზე მკვლელობაში ბრალდებულთან დაკავშირებით შს სამინისტროსთანაც რთული კითხვებია

თუ ვინმე მეტყვის, რა უნდა გამეკეთებინა, რა არ გავითვალისწინე, მხოლოდ მადლობელი ვიქნები,- ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილს, რომელმაც ბარნოვის ქუჩაზე მკვლელობაში ბრალდებულის 2017 წლის 25 მაისს შეწყალების საკითხზე კომენტარი გააკეთა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ახალგაზრდა ქალის მკვლელობაში ბრალდებულთან მიმართებაში შსს-თანაც რთული კითხვებია.

„ძალიან მძიმეა, როდესაც ასეთ საქმესთან ასოცირდები. ნებისმიერ რჩევას მოვისმენ, ამასთანავე, ჩვენი ინიციატივითაც ვკითხავთ ამ საქმეში ჩახედულ ადამიანებს, ვისაც რისკის დაზღვევის გამოცდილება აქვს.

მესმის მძიმე მდგომარეობა, რომელშიც არის შსს, მესმის, რომ მათ აქვთ მცდელობა, პასუხისმგებლობა გადაიტანონ შეწყალების პროცესზე. მიუხედავად იმისა, რომ კავშირი დანაშაულის ჩადენასა და ექვსი თვის მოკლებას შორის არ არსებობს, შსს-ს წინაშეც რთული კითხვებია.

არაერთხელ შემიქია შსს, იმ ყურადღებიდან გამომდინარე, რომელსაც ისინი იჩენენ ოჯახში ძალადობის მიმართ. ცოტა ხნის წინ რამდენიმე წევრი დავაჯილდოვე კიდეც. სამინისტრო კარგად მუშაობს, მაგრამ კონკრეტულად ამ შემთხვევაში, ეს ადამიანი არ იყო საერთოდ დაკავებული. ოთხ თვეზე მეტი გარეთ იყო.

ჩვენ როგორც ვიცით, როდესაც მივიდა დაზარალებული დაცვის თხოვნით, რადგან მის წინააღმდეგ სიცოცხლის მუქარა იყო, მხოლოდ შეკავების ორდერი იყო პასუხი.

მესმის, რომ ეს მძიმე კითხვებია, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ყველა ობიექტური გარემოება სხვა რამეს ამბობდა, ვერ აღმოვაჩინეთ ამ ადამიანში ის, რაც აღმოჩნდა მერე.

მცდელობა ერთმანეთზე გადაბრალების ეს არ არის, რითიც დღეს ვარ დაკავებული, ჩვენი პასუხისმგებლობა გვაქვს და ტრაგედია გვიბიძგებს, ზუსტად დავინახოთ, სად შეიძლება უფრო მეტი ინფორმაციის მოძიება, რომ ასეთი რამ არ გამეორდეს“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

შს მინისტრის მოადგილის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, საზოგადოების უსაფრთხოების დაცვა ვერ მოხდება, თუ ყველა შესაბამისი უწყება, მათ შორის პრეზიდენტი მძიმე დანაშაულზე მკაცრ პოლიტიკას არ გაატარებს.