გიორგი მარგველაშვილი აშშ-ში სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა
გიორგი მარგველაშვილი აშშ-ში სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა

ბრიუსელში ვიზიტის დასრულების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვაშინგტონში გიორგი მარგველაშვილის ვიზიტის მთავარი ამოცანა საქართველოს უსაფრთხოების მიმართ აშშ-ს ხელისუფლების წარმომადგენლების მხარდაჭერის გამყარება და საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობაა.

დაგეგმილია გიორგი მარგველაშვილის შეხვედრები ამერიკელ სენატორებთან და კონგრესმენებთან, მათ შორის აშშ-ის პარლამენტის სპიკერ პოლ რაიანთან, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის დემოკრატების ლიდერთან, კონგრესმენ ნენსი პელოსისთან და აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის უმრავლესობის ლიდერთან, კონგრესმენ კევინ მაკკარტისთან.

საქართველოს პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს კონგრესში გამართულ კონფერენციაში „აშშ-საქართველოს პარტნიორობა“, რომელიც ატლანტიკური საბჭოს მხარდაჭერით იმართება. პრეზიდენტი ასევე საჯარო ლექციას წაიკითხავს ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში და სამუშაო სადილზე შეხვდება ატლანტიკური საბჭოს, NDI-სა და IRI-ს ხელმძღვანელობას, მონაწილეობას მიიღებს ჰადსონის ინსტიტუტში მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ დისკუსიაში და სიტყვით გამოვა ფონდ Heritage-ში.

ვაშინგტონში გიორგი მარგველაშვილი აშშ-ში საქართველოს სათვისტომოს წარმომადგენლებს შეხვდება. აშშ-ის კაპიტოლიუმში კი საქართველოს პრეზიდენტის პატივსაცემად მიღება გაიმართება.

საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტში მონაწილეობას მიიღებენ დელეგაციის წევრები: საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე, საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი და საქართველოს ელჩი აშშ-ში დავით ბაქრაძე.

საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი აშშ-ში 16 მარტს დასრულდება.