გიორგი მარგველაშვილი – აშშ-ის დამოუკიდებლობის დღე არის საზეიმო ყველა ერისა და ადამიანისთვის, ვისთვისაც თავისუფლება უმაღლესი ღირებულებაა

20:19, 05.07.2018

242 წლის წინ კაცობრიობის იმ დროს საუკეთესო წარმომადგენლებმა თავისუფლების დროშა მაღლა ასწიეს ამერიკის კონტინენტზე და იმ მომენტიდან კაცობრიობისთვის თავისუფლება ერთ მთავარ პოლიტიკურ ღირებულებად აქციეს, – ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა აშშ-ის საელჩოში დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართული საზეიმო მიღების მონაწილეებს.

„ეს დღე არის საზეიმო არამხოლოდ ამერიკელი ერისთვის, არამედ ყველა ერისა და ადამიანისთვის, ვისთვისაც თავისუფლება უმაღლესი ღირებულებაა“, – დასძინა საქართველოს პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა ორმხრივ პარტნიორობაზე, მათ შორის საერთაშორისო მისიებში ქართველი ჯარისკაცების მნიშვნელოვან წვლილზე.

„სწორედ ამ მამაცი ადამიანების გმირობის გამო, სულ მალე ნატო-ს სამიტზე საქართველო იქნება ძალიან კარგად და სწორად წარმოდგენილი. ერთ-ერთ მთავარ კითხვას, რომელიც ალიანსის შიგნით ტრიალებს პასუხისმგებლობის აღების თაობაზე, ძლიერ პასუხს სცემს, როგორც თავისი რეფორმებით თავდაცვის სფეროში, ასევე თავისი კაცებისა და ქალების გმირობით ბრძოლის ველზე“, – აღნიშნა საქართველო პრეზიდენტმა.

აშშ-ის საელჩოში დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საზეიმო მიღება გაიმართა. ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელისაბედ რუდმა საპატიო სტუმრებს, მთავრობის წევრებსა და საქართველოს პრეზიდენტს უმასპინძლა.

აშშ-ში დამოუკიდებლობის დღე 4 ივლისს აღინიშნება და ოფიციალურ დასვენების დღედ არის გამოცხადებული. სწორედ ამიტომ, სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს საელჩოები 5 ივლისს აწყობენ.

თარიღი 1776 წლის მოვლენებს უკავშირდება, რა დროსაც დიდი ბრიტანეთის კოლონიებმა ბრიტანეთის იმპერიისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადეს და დამოუკიდებლობის დეკლარაცია გააფორმეს.

მსგავსი