გიორგი მარგველაშვილი არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ეწვევა 
გიორგი მარგველაშვილი არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ეწვევა 

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ოფიციალური ვიზიტით პირველ ლედისთან მაკა ჩიჩუასთან და საქართველოს სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად ეწვევა.

„საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის მიზანი არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან ურთიერთობის გაღრმავებაა“, – აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

10-11 აპრილს გიორგი მარგველაშვილი შეხვედრებს გამართავს აბუ დაბიში ტახტის მემკვიდრე შეიხ მოჰამედ ბინ ზაედ ალ ნაჰაიანთან და დუბაიში არაბთა გაერთიანებული საამიროების პრემიერ-მინისტრ შეიხ მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაკტუმთან, გვირგვინით შეამკობს ვაჰად ალ კარამას სამხედრო მემორიალს და საამიროების სტრატეგიული კვლევების ცენტრში საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საამიროების პარტნიორობის საკითხებზე საჯარო ლექციას წაიკითხავს.

ვიზიტისას დელეგაციის შემადგენლობაში იქნებიან: საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე, საქართველოს ელჩი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, რეზიდენციით ელ-ქუვეითში როლანდ ბერიძე.