გიორგი მარგველაშვილი - 20 ივნისი იყო ქართული საზოგადოების დაბრუნება თავის ფესვებთან
გიორგი მარგველაშვილი - 20 ივნისი იყო ქართული საზოგადოების დაბრუნება თავის ფესვებთან

20 ივნისი იყო ქართული საზოგადოების დაბრუნება თავის ფესვებთან, თავის საფუძვლებთან, ეს იყო გამოვლენა იმისა, რომ ჩვენ ვერ მივიღებთ სახელმწიფოებრიობის, ჩვენი სამშობლოს და ჩვენი ღირსების შეურაცხყოფას, ეს თავისთავად შეადგენს იმას, რაც ვართ ჩვენ, ქართველები, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, 20-მა ივნისმა პოლიტიკური ველი შეცვალა, 20 ივნისის მერე მოხდა ძალიან ბევრი რამ, რომელშიც „ქართულმა ოცნებამ“ გამოავლინა თავის სახე.

„20 ივნისი ერთი მხრივ, ამისი განსახიერება იყო, მეორე მხრივ შეშინებული, დამფრთხალი და აგრესიაზე წასული ხელისუფლების პასუხი აი, ამ პატრიოტულ განცდაზე. ჰქონდა ადგილი დაძაბულობას პარლამენტის კიბეებთან, თუ ვინმეს აქვს რაიმე ტიპის გამოცდილება მიტინგების, პიკეტირების, ასეთი დიდი აქციების მოწყობაში, იმან ნათლად იცის, რომ პარლამენტის აღებას არც აზრი ჰქონდა და შეუძლებელიც იყო ამის გაკეთება. რაღაცებს ჰქონდა ადგილი, ძალადობასაც და მერე ძალადობაზე გადამეტებულ პასუხი  იყო ეს ყველაფერი. ხელისუფლებას ყოველთვის აქვს ძალის გამოყენების უფლება, ოღონდ იმ ფარგლებში, რასაც ჰქვია ადეკვატურად რაღაცა ტიპის პასუხი ამა თუ იმ ქმედებაზე, ეს არის ხელისუფლების პრეროგატივა. პასუხი იყო სრულიად არაადეკვატური, პასუხი იყო ისეთი, რომელიც არ აკმაყოფილებს არანაირ დემოკრატიულ სტანდარტს, ეს ერთი და მეორე – ნათლად აჩვენებს ძალადობისკენ მიდრეკილ ხელისუფალს. ძალადობისკენ მიდრეკილი ხელისუფალი კი არის ავტორიტარი, ის არ არის დემოკრატი“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

რუსთაველის გამზირზე, აქციის მონაწილეებს შორის დისტანციის დაცვის უზრუნველსაყოფად სტიკერებია დაკრული. აქციაზე მისული პირები სწორედ მონიშნულ ადგილებზე არიან განლაგებულები. ასფალტზე დაკრულ სტიკერებზე გამოსახულია რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, რომელსაც სახეზე ნაბიჯები ახატია. აქციას შეუერთდნენ ოპოზიციური პარტიები.

აქციის მიმდინარეობა შეგიძლიათ იხილოთ ლინკზე.