გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ“ „მალიორკა“ დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT
გიორგი მამარდაშვილმა კარგი თამაში ჩაატარა „ვალენსიაში“, რომელმაც ლა ლიგაში ევროსაგზურისთვის მებრძოლ „მალიორკას“ უმასპინძლა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა – 1:0.
სანაკრებო თამაშების შემდეგ გუნდში დაბრუნებულმა ქართველმა მეკარემ კვლავ ძირითად შემადგენლობაში ითამაშა, მიუხედავად მედიაში გამოთქმული ვარაუდებისა, რომ პირველ ნომრად მის კონკურენტს, სტოლე დიმიტრიევსკის დააყენებდნენ.
ესპანეთის ჩემპიონატის 29-ე ტურის შეხვედრა დაძაბული, მაგრამ ნაკლებად სანახაობრივი გამოდგა. მამარდაშვილს ბევრი საქმე არ ჰქონია და პირველ ტაიმში ძირითადად „მალიორკას“ შემტევის, ტაკუმა ასანოს შეტევებს უმკლავდებოდა: 21-ე წუთზე პენალტის სიახლოვიდან მისი დარტყმა მოიგერია, 33-ე წუთზე იაპონელი შემტევი საჯარიმოში შერბოდა, მაგრამ გიორგიმ ბრწყინვალე რეაქცია გამოავლინა და გადაცემა ჩაჭრა. 45+1-ე წუთზე კი ისევ ასანომ შეუტია, მამარდაშვილმა დარტყმა ფეხით დაუბლოკა.
„ვალენსიამ“ კარი მშრალად შეინახა, მეორე ნახევრის დაწყებითანავე, 50-ე წუთზე დიეგო ლოპესმა კარგი გადაცემა მიიღო და ზუსტი დარტყმით მეკარეს შანსი არ დაუტოვა.
ესპანეთის ლა ლიგაში გამართული 29 ტურის შემდეგ „ვალენსიამ“ 31 ქულით მე-15 ადგილზე გადაინაცვლა და გასავარდნ ზონას 4 ქულით ასცდა.