გიორგი მაკარიძე იხსენებს, რომ 2017 წელს, როდესაც ის „მორეირენსეს“ ღირსებას იცავდა, ლისაბონის „ბენფიკაში“ იწვევდნენ – ეს საქართველოს ნაკრებისა და „ვიტორია სეტუბალის“ მეკარემ პორტუგალიურ გამოცემა „ბოლასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„მაშინ „მორეირენსეში“ ვთამაშობდი და „ბენფიკაში“ გადასვლა რეალური იყო, მაგრამ არ გამოვიდა. რა თქმა უნდა, იმედგაცრუებული დავრჩი. ამაზე ფიქრი მთელი წელი არ მასვენებდა. მაგრამ, ეს ოცნება არ დასრულებულა – ყველა მოთამაშის მიზანია, რაც შეიძლება მაღალ დონეს მიაღწიოს და მაგალითად, ჩემპიონთა ლიგაში ითამაშოს“ – ამბობს პორტუგალიურ გამოცემასთან გიორგი მაკარიძე.
„ბოლა“ წერს: „იმ სეზონის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მაკარიძის მიმართ ინტერესს „ბენფიკა“ ავლენდა. ის ედერსონის მემკვიდრედ მოიაზრებოდა, რომელიც „მანჩესტერ სიტიში“ გადავიდა“.
ლისაბონის „ბენფიკა“ მსოფლიოს ყველაზე მდიდარ კლუბებს შორის 22-ე ადგილზეა და მისი წლიური შემოსავალი 111,2 მილიონი ევროა. ესაა ყველაზე წარმატებული პორტუგალიური კლუბი, როგორც შიდა ტიტულებით (73) ასევე მსოფლიო მაშტაბითაც (75). ამასთან ერთად, იგი ერთადერთი გუნდია, რომელსაც ხუთივე პორტუგალიური ტიტული აქვს მოგებული. გუნდმა გადაბმულად მოგებულ მატჩებში ევროპული რეკორდი მოხსნა, როცა 1971-72 და 1972-73 სეზონებს შორის ზედიზედ 29 მატჩში იმარჯვა. ამას გარდა, ორჯერ იყო ჩემპიონთა თასის მფლობელი (1961, 1962), ხოლო ხუთჯერ (1963, 1965, 1968, 1988, 1990) – ფინალისტი. „ბენფიკა“ ფიფამ მე-20 საუკუნის საუკეთესო კლუბებში მეთორმეტე ადგილზე დაასახელა, ხოლო „კიკერის“ ვერსიით მეშვიდეზე გავიდა.